მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა აგრესიულად გაამკაცრა

63637b3f603f8
გიორგი თოლორდავა
03.11.22 16:00
841
ინფლაციის მკვეთრი ზრდის ფონზე, ინგლისის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის აგრესიულად გამკაცრების და რეფინანსირების განაკვეთის 75 საბაზო პუნქტით (+0.75%) გაზრდის გადაწყვეტილება მიიღო.

რიგით მერვე გამკაცრების შედეგად, გაერთიანებულ სამეფოში რეფინანსირების განაკვეთმა 3%-იან ნიშნულს მიაღწია, რაც გასული 33 წლის უმაღლესი მაჩვენებელია.

მონეტარული პოლიტიკის გამკაცრება პირდაპირ კავშირშია ქვეყანაში სამომხმარებლო ფასების ზრდასთან. შეგახსენებთ, რომ ამჟამად დიდ ბრიტანეთში ინფლაციის დონე 10.1%-იან ნიშნულზეა, რაც 40 წლის მაქსიმუმია.

საბაზო ინფლაციის დონე (CPI), რომელიც არ ითვალისწინებს სურსათისა და ენერგორესურსების ფასებს, წლიურ 6.5%-იან ნიშნულზეა, რაც 0.2 პროცენტული პუნქტით მეტია აგვისტოს მაჩვენებელზე, რაც იმაზე მიუთითებს, რომ ფასები თითქმის ყველა სამომხმარებლო ჯგუფში იზრდება.

ინგლისის ბანკის ვარაუდით, ოქტომბრის ბოლომდე გაერთიანებულ სამეფოში ინფლაციის დონე 13.3%-იან ნიშნულამდე გაიზრდება, ამის შემდეგ კი, სამომხმარებლო ფასების ზრდის ტემპი შენელდება და გაზრდილი რეფინანსირების განაკვეთისა და ეკონომიკური აქტივობის შენელების პირობებში, ინფლაცია შემცირებას დაიწყებს.

„კომიტეტი გადადგამს ყველა საჭირო ნაბიჯს, რათა საშუალოვადიან პერსპექტივაში ინფლაციის მაჩვენებელი სამიზნე 2%-იან ნიშნულს დაუბრუნდეს“, - წერია ცენტრალური ბანკის განცხადებაში.

შეგახსენებთ, რომ ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკა აგვისტოსა და სექტემბერშიც გაამკაცრა 50-50 პუნქტებით.

„გაერთიანებული სამეფოს ეკონომიკის ზრდის ტემპი მნიშვნელოვნად ნელდება, რაც რამდენიმე ძირითადი გამოწვევითაა განპირობებული, მათ შორისაა: მაღალი ინფლაციის დონე, შემოსავლების შემცირება და გამკაცრებული მონეტარული პოლიტიკა“, - განაცხადა HSBC-ის მაკრო და საინვესტიციო სტრატეგოსმა ჰუსეინ მეჰდიმ.

გასულ 24 საათში მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების გადაწყვეტილება აშშ-ის ფედერალურმა რეზერვმაც მიიღო. FED-ის შემთხვევაშიც საპროცენტო განაკვეთის ზრდის მაჩვენებელმა 75 საბაზო პუნქტი შეადგინა, რის შედეგად, აშშ-ში მონეტარულმა პოლიტიკამ 1980 წლის შემდეგ დაფიქსირებულ ყველაზე მკაცრ ნიშნულს, 4%-ს მიაღწია.
 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები