მსოფლიოში ინგლისური ენის ცოდნის დონის გამოსაკვლევად, შვეიცარიული საგანმანათლებლო ორგანიზაცია Education First ყოველწლიურად “ინგლისური ენის ცოდნის ინდექსს” აქვეყნებს, რომლის ფარგლებშიც, 2024 წელს 116 არა ინგლისურენოვანი ქვეყნისა და რეგიონის 2.1 მილიონზე მეტი მოსახლე გამოიკითხა.
მოსახლეობაში ინგლისური ენის ცოდნის შეფასება ტესტს ეფუძნება, რომლის მაქსიმალური ქულაც 800-ია. მიღებული შედეგებით კი ქვეყნები და რეგიონები ხუთ კატეგორიაში ნაწილდებიან: ცოდნის ძალიან მაღალი, მაღალი, საშუალო, დაბალი და ძალიან დაბალი დონით.
წლევანდელი ინდექსით საქართველო, 2023 წელთან შედარებით, ორი პოზიციით ჩამოქვეითდა და 34-ე ადგილი დაიკავა, თუმცა ზოგადი დონე გაიუმჯობესა: ქვეყნის შეფასება 543 ქულაა, რაც ინგლისური ენის ცოდნის მაღალ დონეს ნიშნავს. საქართველო გასულ წელს “საშუალო” კატეგორიაში დარჩა, მიუხედავად იმისა, რომ 2023 წელს მხოლოდ ორი ქულით ნაკლები, 541 ქულა მიიღო.
ანგარიშში ცალკეა მოცემული ქულების გენდერული განაწილებაც, საიდანაც ირკვევა, რომ ტესტში ქალებმა, საშუალოდ, 531, კაცებმა კი - 555 ქულა მოაგროვეს.
ამასთან, ინგლისური ენის ცოდნის ყველაზე მაღალი დონე 21-დან 25 წლამდე ასაკობრივ კატეგორიაშია, რომელთა საშუალო შეფასებაც 548 ქულაა.
გეოგრაფიული განაწილებით კი, ყველაზე უკეთ ინგლისურად თბილისში საუბრობენ, სადაც კვლევის მონაწილეებს 556 ქულა მიენიჭათ.
სამეზობლოში საქართველოს შეფასება ყველაზე მაღალია. შემდეგ მოდის სომხეთი, 537, რუსეთი - 532, თურქეთი 497, ხოლო აზერბაიჯანი - 462 ქულით.