დეველოპერული კომპანია Konsol Holding საქართველოში ნერგავს მაღალსართულიანი შენობების მოვლის ინოვაციურ ტექნოლოგიას - ფასადების რეცხვას ინდუსტრიული დრონების მეშვეობით. კომპანიის განცხადებით, ინიციატივა წარმოადგენს სტრატეგიულ ნაბიჯს, რომელიც აერთიანებს უსაფრთხოებას, გარემოზე პასუხისმგებლობას და ურბანული სივრცის ხარისხის გაუმჯობესებას.
ტრადიციული ალპინისტური სამუშაოებისგან განსხვავებით, დრონით შესრულებული რეცხვა მნიშვნელოვნად ამცირებს სიმაღლეზე მუშაობის რისკს და ოპერაციულ ხარჯებს. ტექნოლოგია უზრუნველყოფს რთულად მისადგომი ზონების ეფექტურ დამუშავებას, ამცირებს სამუშაო დროის ხანგრძლივობას და ზრდის შენობის გარე საფარის ექსპლუატაციის ვადას.
კომპანიის შეფასებით, ფასადის რეგულარული და თანამედროვე სტანდარტის მოვლა პირდაპირ აისახება უძრავი ქონების საბაზრო ღირებულებასა და გრძელვადიან მდგრადობაზე.
„ჩვენთვის ინოვაცია მხოლოდ ტექნოლოგიის დანერგვა არ არის. ეს არის პასუხისმგებლობა იმ ქალაქის წინაშე, სადაც ვქმნით და ვავითარებთ საცხოვრებელ და კომერციულ სივრცეებს. დრონით ფასადების რეცხვა ნიშნავს უსაფრთხოების ახალ სტანდარტს, შენობების სიცოცხლის ხანგრძლივობის ზრდას და სუფთა ურბანულ გარემოს. ჩვენ გვინდა, რომ თანამედროვე დეველოპმენტი იყოს ეფექტიანი, ეკოლოგიურად პასუხისმგებელი და გრძელვადიანად ღირებული როგორც მფლობელებისთვის, ისე ქალაქისთვის,“ - აცხადებენ კომპანიაში.
Konsol Holding-ში აღნიშნავენ, რომ ტექნოლოგიის ეტაპობრივი დანერგვა განხორციელდება კომპანიის მიმდინარე და მომავალი პროექტების ფარგლებში. ინიციატივა ასევე განიხილება როგორც სექტორის ტექნოლოგიური ტრანსფორმაციის ნაწილი, რომელიც განსაზღვრავს ახალი თაობის დეველოპერულ სტანდარტს საქართველოში.




























