მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

“ინოვაციებისადმი ინტერესი მაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდე“ - თორნიკე ლომსაძე, საქართველოს ბანკის გუნდის წევრი

თორნიკე ლომსაძე
21.08.24 16:44
1651
სტატიაში საუბარია:

ტექნოლოგიური პროგრესის კვალდაკვალ მომხმარებლებისთვის თანამედროვე ციფრული გადაწყვეტების შეთავაზება საქართველოს ბანკის ერთ-ერთი მთავარი პრიორიტეტია. სწორედ ამიტომ, სწრაფი, მარტივი და მოქნილი სერვისების შესაქმნელად ფინანსური ინსტიტუტი აქტიურ რეჟიმში მუშაობს. ამ პროცესებში კი ბანკის IT მხარდაჭერის გუნდი დიდ როლს ასრულებს.

იმის შესახებ, თუ როგორია IT მხარდაჭერის გუნდის მუშაობის სპეციფიკა, გამოწვევები და ღირებულებები, საქართველოს ბანკის ტექნიკური მხარდაჭერის გუნდის სერვისების მიწოდების მენეჯერი, თორნიკე ლომსაძე გაგვესაუბრა.

თორნიკე საქართველოს ბანკის IT მხარდაჭერის გუნდს 2016 წელს შემოუერთდა და როგორც თავად აღნიშნავს, მეგობრულ და პროფესიონალურ გარემოს მალევე შეეჩვია. მუშაობის დაწყებისთანავე დარწმუნდა, რომ უამრავი მიმართულებით შეეძლო განვითარება, დღეს კი მენეჯერის პოზიციას იკავებს.

რა არის ყველაზე ღირებული გაკვეთილი, რომელიც საქართველოს ბანკში ისწავლეთ?

საქართველოს ბანკი ჩემთვის პირველი დიდი ორგანიზაციაა, რომელშიც მუშაობა დავიწყე და ჩემი კარიერის თითოეულ საფეხურზე არაერთი ღირებული გაკვეთილი მივიღე. დისციპლინა, შრომისმოყვარეობა, გვერდში დგომა, ერთმანეთის აზრის მიღება და დაფასება — ეს იმ ფასეულობების მცირე ჩამონათვალია, რომელთა ერთგულიც საქართველოს ბანკია. ეს ღირებულებები ჩემი გუნდის თითოეული წევრისთვის მნიშვნელოვანია. ჩემი, როგორც ამ უდიდესი ჯაჭვის შემადგენელი ერთ-ერთი რგოლის ყოველდღიურობაც ღირებული გაკვეთილია, რომელიც სამომავლოდ კიდევ უფრო დამეხმარება პროფესიულ განვითარებაში.

რას გულისხმობს თქვენი გუნდის საქმიანობა?

IT ფართო სფეროა და კომპანიის მასშტაბებიდან გამომდინარე, როლები გადანაწილებულები გვაქვს. გუნდის თითოეულ წევრს დიდი პასუხისმგებლობა აკისრია, რათა ორგანიზაციის სისტემამ გამართულად იმუშაოს. თუმცა, უშუალოდ ჩვენი სამუშაო ბანკისთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვნად მიმაჩნია. ჩემს გუნდს ევალება კომპიუტერული სისტემების, დესკტოპის და პერიფერიული მოწყობილობების მხარდაჭერა, ორგანიზაციული ტექნიკისა და აღჭურვილობის ინსტალაცია, დიაგნოსტიკა, შეკეთება, შენარჩუნება და განახლება როგორც ფრონტში, ასევე ბექშიც.

ჩვენი საქმიანობის სფეროდან გამომდინარე, რა თქმა უნდა, მნიშვნელოვანია პროფესიონალიზმი, რომელიც პირდაპირ კავშირშია ბანკის თანამშრომლების შეუფერხებელ მუშაობასთან. ჩვენი გუნდი დაკომპლექტებულია გამოცდილი და წარმატებული პროფესიონალებისგან, რომლებიც ერთმანეთს მაღალკვალიფიციურ დახმარებას უწევენ. გარდა პროფესიონალიზმისა, მნიშვნელოვანია პირადი ურთიერთობები, კოლეგიალურობა, დამოკიდებულება, დახმარებისთვის მზაობა და სტრესული სიტუაციების მართვა. ეს ყველაფერი ჯამში ქმნის წარმატებულ ურთიერთობებს, რაც თანამშრომლების კმაყოფილების გარანტიაა.

გარდა იმისა, რომ საქართველოს ბანკის IT მხარდაჭერის გუნდი პროფესიონალებითაა დაკომპლექტებული, ჩვენი ერთ-ერთი მთავარი ღირებულება მეგობრული გარემოს შექმნაა, რომელიც სტრესულ სიტუაციებში უდიდეს როლს თამაშობს. გუნდის წევრები ერთმანეთის დასახმარებლად და საერთო მიზნების მისაღწევად ყოველთვის მზად არიან.

ტექნოლოგიები მუდმივად ვითარდება, როგორ უწყობთ ფეხს მუდმივად ცვალებად გარემოს?

არსებული ტექნოლოგიები ყოველდღიურად იხვეწება და ჩვენც ვცდილობთ, ამ პროცესებს მუდმივად ავუწყოთ ფეხი და გავაუმჯობესოთ სერვისები. ყოველდღიურად მიღებული გამოცდილება

გვეხმარება, დავაგროვოთ ის ცოდნა და უნარები, რომელთა ხარჯზეც ჩვენი ყოველი მომდევნო სერვისი უკეთესი გახდება. გარდა ამისა, რა თქმა უნდა, ტარდება ტრენინგები, შეხვედრები, სადაც ერთმანეთს ვუზიარებთ ინფორმაციას, რომელიც ტექნიკური მხარდაჭერის გუნდს სერვისების გაუმჯობესებასა და დახვეწაში ეხმარება.

ამასთან, მომხმარებელთა უკუკავშირის აქტიური გამოყენება საშუალებას გვაძლევს, ჩვენი სერვისების ძლიერი და სუსტი მხარეები გავიგოთ. ამიტომ, რეგულარული უკუკავშირის შეგროვება და მისი ანალიზი მნიშვნელოვანია, რათა მომსახურების ხარისხი მუდმივ რეჟიმში გავაუმჯობესოთ.

რა არის უშუალოდ თქვენი, როგორც ტექნიკური მხარდაჭერის სერვისების მიწოდების მენეჯერის მთავარი გამოწვევა?

ვფიქრობ, გუნდის მენეჯერად ადამიანი მხოლოდ საკუთარი პროფესიული გამოცდილების გამო არ უნდა ინიშნებოდეს, მას კარგად უნდა შეეძლოს ადამიანებთან ურთიერთობა — უნდა იცოდეს, როგორ მიუდგეს თითოეულ თანამშრომელს, მოისმინოს მათი აზრი, ხელი შეუწყოს განვითარებაში და რაც მთავარია, აუმაღლოს მოტივაცია. ადამიანი ყველაზე უკეთ მაშინ სწავლობს, როცა სხვას უზიარებს ცოდნას და ასწავლის. მე კი მუდმივად ვცდილობ, ჩემი ცოდნა და გამოცდილება ახალ თაობას გავუზიარო და აქტიურად ვარ ჩართული ბანკის მიერ ორგანიზებულ სხვადასხვა კამპანიაში, რომლებიც ტექნოლოგიების მიმართულებით ცნობიერების ამაღლებას უწყობს ხელს.

გაგვიზიარეთ მნიშვნელოვანი რამ, რომელიც საქართველოს ბანკში მუშაობის პროცესში ისწავლეთ

ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ცოდნა, რაც მივიღე, პროცესების ავტომატიზაციაა, რომელიც ამცირებს შეცდომების რისკს, აჩქარებს სამუშაოს შესრულების დროს და საშუალებას გვაძლევს, რესურსები უფრო ეფექტურად განვაწილოთ. ამასთანავე, საქართველოში ბანკში დანერგილი გვაქვს სხვადასხვა ავტომატიზებული სისტემები, რომლებიც ყოველდღიური ამოცანების შესრულებას აჩქარებს. ეს კი, თავის მხრივ, საშუალებას იძლევა უფრო კომპლექსური და გლობალური პრობლემების გადასაჭრელად მეტი დრო დაგვრჩეს.

და ბოლოს, საქართველოს ბანკის ორგანიზაციული კულტურა როგორ უწყობს ხელს თქვენს გუნდს განვითარებაში?

საქართველოს ბანკი ხელს უწყობს როგორც ტექნიკური მხარდაჭერის დამწყებ სპეციალისტებს, ისე პროფესიონალებს, რათა მუდმივად განვითარდნენ. ახალბედა სპეციალისტებს მენტორები ცოდნასა და გამოცდილებას უზიარებენ. ასევე, საქართველოს ბანკი ხშირად ატარებს ტრენინგებს, რომლებიც ტექნიკური მხარდაჭერის გუნდის წევრებს ახალი უნარების შეძენასა და განვითარებაში ეხმარება. მე კი პირადი მიზნები, ინოვაციებისადმი ინტერესი და პრობლემების გადაჭრის სიამოვნება მაძლევს მოტივაციას, არ გავჩერდე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები