ჯანდაცვის სპეციალისტი თინა ტურძელაძე ამბობს, რომ იშვიათი დაავადებების სამკურნალო მედიკამენტების შესყიდვამდე სახელმწიფოს მაქსიმალურად უნდა ჰქონდეს დათვლილი საკუთარი შესაძლებლობები.
როგორც მან "ანალიტიკას" ეთერში განაცხადა, შესაბამისი ინდიკატორები, რაც განსაზღვრავს ერთი წლით სიცოცხლის გახანგრძლივების ღირებულებას, ქვეყნების ეკონომიკური მდგომარეობიდან გამომდინარე განსხვავებულია - საქართველოს არ შეუძლია იმ თანხის გადახდა წამალში, რასაც აშშ იხდის.
"ინოვაციური პრეპარატები, რომლებიც არსებითია დღეს იშვიათი დაავადებების სამკურნალოდ არის ძალიან ძვირი. გასული 5 წლის განმავლობაში, დაახლოებით 390 ინოვაციური მოლეკულა შემოვიდა ბაზარზე, მომდევნო 5 წელიც დაახლოებით ამდენი შემოვა. აქედან 30% არის რთული ბიოტექნოლოგიით შექმნილი მოლეკულა, მათ შორის გენური თერაპიით და ეს არის ძალიან ძვირადღირებული. ამ ინოვაციების ფასი შედგება არა მარტო წარმოების ღირებულებისგან, არა მარტო კვლევის და განვითარების, კომერციალიზაციის ღირებულებისგან, არამედ ფასის ტრანსფორმირება ხდება იმაში, რასაც ისინი ქმნიან და ეს არის მაღალი ცხოვრების ხარისხი, ეს არის დაავადების შეკავება, სიმპტომების შემსუბუქება, ხარისხიანი ცხოვრების წლების გახანგრძლივება. აი, ამ ღირებულებებისგან არის განპირობებული მისი მაღალი ფასი. როგორ უნდა განვსაზღვროთ ახლა ჩვენ ეს ღირებულება? განსხვავებულია სხვადასხვა ქვეყანაში, DGP-დან გამომდინარე, ხარისხიანი ცხოვრების წლები. საქართველოს შემთხვევაში, ეს გაცილებით დაბალი თანხა იქნება, ვიდრე ამერიკის შემთხვევაში. ამერიკაში დაახლოებით 150 000 დოლარია ერთი წლის ხანგრძლივობით ხარისხიანი ცხოვრების გაგრძელება.
ჩვენი არ ვიცით, მაგრამ დაახლოებით, თუ ჩვენი GDP per capita არის 8 000-9 000 დოლარი, 3-ჯერ მეტი უნდა ავიღოთ, გამოდის 75 000 ლარია ერთი ხარისხიანი წლით სიცოცხლის გახანგრძლივება, ანუ QALY-ს ინდიკატორი. ეს მაჩვენებლები ამერიკის, ინგლისის, საქართველოსი, ბუნებრივია განსხვავებულია იქიდან გამომდინარე, როგორი ეკონომიკური განვითარების და შემოსავლების ქვეყანაა. საქართველოს არ შეუძლია იმ თანხის გადახდა წამალში, რომელსაც იხდის ამერიკა. სანამ მწარმოებელთან ვიწყებთ მოლაპარაკებას, მანამდე ჩვენ უნდა გვქონდეს გაზომილი ყველაფერი. ჩვენ უნდა ვიცოდეთ რა ღირს ეს წამალი ჩვენთვის. მან [მწარმოებელმა] იცის, რომ ამერიკაში მას უხდიან ამას. უფრო მეტიც, საერთოდ ინოვაციური მოლეკულების 67%-ის მყიდველი არის ამერიკა. დაახლოებით 17%-ს ყიდულობს ის ევროპის ხუთი წამყვანი ქვეყანა, როგორიცაა გაერთიანებული სამეფო, იტალია, საფრანგეთი, გერმანია, ესპანეთი. იაპონია მხოლოდ 2%-ს ყიდულობს და დანარჩენი მსოფლიო ყიდულობს დანარჩენ 10%-ზე ცოტა მეტს. და აქედან გამომდინარე, ჩვენ ძალიან ზუსტად უნდა ვიცოდეთ, ანუ მაქსიმალურად უნდა გვქონდეს დათვლილი ჩვენი შესაძლებლობები - მაქსიმალურიც, საშუალოც და მინიმალური შესაძლებლობაც.
ის რაც მე მოვისმინე [დიუშენის მედიკამენტებზე] იყო ჩემი აზრით, უფრო პოლიტიკური რეფლექსია, რომ ხელისუფლებამ გადაწყვიტა იმუშაოს და შეისყიდოს მედიკამენტი, ეს ძალიან კარგია. ის განცხადება, რომელიც მოვისმინე, რომ მშობლები სამუშაო ჯგუფში ერთვებიან, ამ პოლიტიკური ალგორითმით განსაზღვრულ პროცესში ვერ ჯდება ჩემთვის ვერსად. ერთადერთი ჯდება პირველ ეტაპზე, როცა ხდება კლინიკური მონაცემების შეგროვება იმისათვის, რომ ზუსტად განისაზღვროს კატეგორიზაცია და კოჰორტა ამ პაციენტების, ანუ ვინ არის ზუსტი სამიზნე", - აღნიშნა მან და დასძინა, რომ მთავარი, რაც დიუშენის მედიკამენტების შესყიდვასთან დაკავშირებულ პროცესს აკლია, ექსპერტული ჯგუფია.




























