ტექნოლოგიურმა გიგანტებმა, Intel-მა და Google-მა, ხელოვნური ინტელექტის მხარდაჭერის მქონე ცენტრალური პროცესორების, CPU-ებისა და სპეციალიზებული ინფრასტრუქტურული ჩიპების განვითარების მიზნით თანამშრომლობა გააღრმავეს.
გადაწყვეტილება ბაზარზე ტრადიციული გამოთვლითი ჩიპების მიმართ გაზრდილმა მოთხოვნამ განაპირობა, რაც ხელოვნური ინტელექტის მოდელების მასობრივი დანერგვის პროცესს უკავშირდება.
როგორც ცნობილია, AI-ზე ორიენტირებული კომპანიები, მათ შორის Google-ი მოდელების სწავლების ფაზიდან მათ პრაქტიკულ გამოყენებაზე ეტაპობრივად გადადიან, ამ პროცესს კი რთული სამუშაო დატვირთვისთვის განკუთვნილი პროცესორები დასჭირდება. Intel-ი Google-ს სწორედ ამ ტიპის CPU-ებსა და სპეციალიზებულ ჩიპებს მიაწვდის.
გაფორმებული შეთანხმების ფარგლებში, Alphabet-ის შვილობილი Google-ი Intel-ის Xeon-ის ტიპის პროცესორების, მათ შორის უახლესი Xeon 6-ის გამოყენებას გააფართოებს. პარალელურად, მხარეები ერთობლივად დაიწყებენ მუშაობას მონაცემთა დამუშავების სპეციალიზებულ პროცესორებზე. აღნიშნული ტექნოლოგია იმ ამოცანების შესრულებას უზრუნველყოფს, რომლებსაც აქამდე CPU ასრულებდა. კომპანიებში განმარტავენ, რომ ეს გადაწყვეტილება გამოთვლითი პროცესების ეფექტიანობას გაზრდის. Intel-ის აღმასრულებელი დირექტორის, ლი ბუ ტანის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის მასშტაბირება დაბალანსებულ სისტემებს მოითხოვს, ამისთვის კი შესაბამისი სიმძლავრის პროცესორების განვითარება გამაწყვეტ როლს ითამაშებს.
როგორც ტექნოლოგიური მიმომხილველები აცხადებენ, ბაზარზე ცენტრალური პროცესორების როლის გაძლიერება Intel-ისთვის ფინანსური მდგომარეობის გაუმჯობესების შესაძლებლობას შექმნის. კომპანიამ, რომელმაც ხელოვნური ინტელექტის ბუმის საწყის ეტაპზე კონკურენტებთან ბაზრის წილი დაკარგა, ახლა ახალი კლიენტების მოზიდვას შეეცდება. აღსანიშნავია, რომ ტექნოლოგიური გიგანტი ილონ მასკის Terafab-ის პროექტსაც შეუერთდა და მასთან ერთად SpaceX-ისა და Tesla-ს რობოტიზაციის პროცესის განხორციელებაშიც შეიტანს წვლილს.




























