მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Intel-ის აქციები 20%-ით გაიზარდა: კომპანიის კვარტალურმა მაჩვენებლებმა მოლოდინს გადააჭარბა

intel

Intel-მა 2026 წლის პირველი კვარტალის ფინანსური ანგარიში გამოაქვეყნა. დოკუმენტის თანახმად, ძირითადმა მაჩვენებლებმა ანალიტიკოსების პროგნოზებს გადააჭარბა.

კომპანიის შემოსავალმა $13.58 მილიარდი შეადგინა. აღსანიშნავია, რომ ეს მაჩვენებელი გასული წლის ანალოგიურ პერიოდს 7.2%-ით აღემატება. თავის მხრივ, დაანონსდა დივიდენდების გაცემაც. ინვესტორები თითო აქციაზე $0.29-ს მიიღებენ, მაშინ როცა ანალიტიკოსები მხოლოდ $0.01 ცენტს ელოდნენ.

დადებით შედეგებზე განსაკუთრებული გავლენა მონაცემთა ცენტრების სექტორმა იქონია. აღნიშნული მიმართულების შემოსავალი 22%-ით გაიზარდა და $5.1 მილიარდი შეადგინა. კომპანიის აღმასრულებელი დირექტორის, ლი-ბუ ტანის განცხადებით, ხელოვნური ინტელექტის ეპოქაში მათმა პროცესორებმა არამარტო შეინარჩუნეს კონკურენტუნარიანობა, არამედ დაამტკიცეს, რომ Intel-ის გარეშე AI ბუმი ვერ იარსებებს. Intel-ის კვარტალური მონაცემების თანახმად, გაზრდილია ჩიპების წარმოების მიმართულებიდან მიღებული შემოსავალიც. ბოლო სამ თვეში ამ მხრივ კომპანიამ $5,4 მილიარდი მიიღო. მნიშვნელოვანია ითქვას, რომ ეს შედეგი გასული წლის მაჩვენებლებს 16%-ით აჭარბებს. ლი-ბუ ტანის განცხადებით, კომპანია წარმოების გაფართოებას არიზონას ახალ ქარხანაში 18A ტექნოლოგიური პროცესის წარმოების დაწყებით გააგრძელებს და ბაზარზე კონკურენტუნარიანობას შეინარჩუნებს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ დადებითი შედეგების მიუხედავად კომპანია საქმიანობას მაინც დიდი ზარალით აგრძელებს. კერძოდ, ბოლო კვარტალში ეს მაჩვენებელი $4.28 მილიარდამდე გაუარესდა, თუმცა პოზიტიური ზოგადი შედეგებისა და სამომავლო გეგმების დაანონსების ფონზე Intel-ის აქციები 20%-ით გაიზარდა.

ინვესტორებს განსაკუთრებით მოეწონათ განცხადებების იმის შესახებ, რომ ტექ-გიგანტი ილონ მასკის კომპანიებთან სტრატეგიულ თანამშრომლობას გააღრმავებს. როგორც ირკვევა, კორპორაცია ოსტინში მდებარე მასშტაბური საწარმო Terafab-ის პარტნიორი გახდა. აღნიშნულ ობიექტზე Intel-ი Tesla-სთვის, SpaceX-ისა და xAI-სთვის მაღალტექნოლოგიური ჩიპების წარმოებაში ჩაერთვება. გავრცელებული ინფორმაციით, მასკი Tesla-ს ავტომობილებისა და რობოტებისთვის Intel-ის უახლესი, 14A ტექნოლოგიური პროცესის გამოყენებას გეგმავს.

მნიშვნელოვანია ითქვას, რომ კომპანიის აქციების ფასი წელს 80%-ით არის გაზრდილი. ზრდის ერთ-ერთ მთავარ ფაქტორად გასულ წელს აშშ-ის მთავრობის მიერ განხორციელებული მსხვილი ინვესტიცია მიიჩნევა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები