ამერიკის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის მიერ ქვეყნის ერთ-ერთი წამყვანი ტექნოლოგიური კომპანიის, Intel-ის ხელმძღვანელის, ლი-ბუ ტანისთვის გადადგომისკენ მოწოდება ბევრისთვის ძალიან მოულოდნელი იყო.
CEO-ს ხედვა მიკროჩიპების ამერიკაში წარმოების მიმართ სრულ თანხვედრაშია პრეზიდენტის ხედვასთან, თუმცა ლი-ბუ ტანისთვის მთავარი პრობლემა მისი ბიზნეს-წარსულია. ტრამპმა Intel-ის ხელმძღვანელი “ძალიან პრობლემურ” ფიგურად იმიტომ დაასახელა, რომ ლი-ბუ ტანს ჩინურ ჩიპების მწარმოებლებთან გადაკვეთა არაერთხელ ჰქონია. მათ შორის ისეთებთან, რომლებიც ჩინეთის არმიას ამარაგებენ.
თავად ლი-ბუ ტანი ბრალდებას გამოეხმაურა და გამოქვეყნებულ წერილში დადო პირობა, რომ მის გარშემო აგორებულ “დეზინფორმაციას” ბოლოს მოუღებდა. ამასთან, მან აღნიშნა, რომ ამერიკაში შექმნილი 40-წლიანი კარიერის განმავლობაში ქვეყნის ეროვნული ინტერესებისთვის არასდროს უღალატია. განცხადების გასაჯაროების შემდეგ გადაწყდა, რომ ლი-ბუ ტანი მთავარ ბრალმდებელს, დონალდ ტრამპს თეთრ სახლში შეხვდება და ეცდება, პრეზიდენტს ქვყნისადმი მისი ერთგულება დაუმტკიცოს.
აღსანიშნავია, რომ ტრამპის ფონზე გამოჩნდენ სხვა აქტორებიც, რომელთაც ლი-ბუ ტანის მიმართ პრობლემები აქვთ. საუბარი Intel-ის აღმასრულებელი ბორდის წევრებზე, რომელთა შეხედულებაც ხელმძღვანელის ხედვებთან წინააღმდეგობაში მოდის. თუ ლი-ბუ ტანს ამერიკაში მიკროჩიპების წარმოების გაძლიერება, ბორდის არაერთი წევრი ფიქრობს, რომ უმჯობესი იქნება, თუ კომპანია არასაჭირო ხარჯებს შეამცირებს და არა თავად გახსნის საწარმოებს, არამედ მიკროჩიპების წარმოებას მთლიანად აუთსორსზე გაიტანს.
როგორც უკვე აღინიშნა, ამ მხრივ ლი-ბუ ტანისა და ტრამპის პოზიციები ერთმანეთს სრულებით ემთხვევა, თუმცა თუ ტრამპი Intel-ის ხელმძღვანელის გადადგომას მიაღწევს, შესაძლოა მისი ადგილი ამერიკული წარმოების სკეპტიკოსმა დაიკავოს. ეს კი, სავარაუდოდ, ნაკლებად უნდა აწყობდეს ტრამპს.




























