მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

Intel-მა ნახევარგამტარების კომპანია Altera გაყიდა

intel

ამერიკული Intel-ი მნიშვნელოვან ცვლილებებს გადის. კომპანიის გენერალურ დირექტორად ლიპ-ბუ ტანის დანიშვნის შემდეგ, Intel-მა ნახევარგამტარების მწარმოებელი კომპანიის, Altera-ს გაყიდვა გადაწყვიტა. კომპანიის საკონტროლო 51%-იანი წილი კერძო კაპიტალის კომპანია Silver Lake-მა შეიძინა, რაც $4.46 მილიარდი დაუჯდა.

გარიგების შედეგად Altera სულ რაღაც $8.75 მილიარდად შეფასდა. გასულ წელს, Altera-მ $1.54 მილიარდის შემოსავალი მიიღო, მაგრამ $615-მილიონიანი საოპერაციო ზარალი დააფიქსირა. ექსპერტების შეფასებით, წაგებიანი ბიზნესის გაყიდვით, Intel-ი ძირითად ბიზნესზე უკეთ კონცენტრირდება.

Altera-ს გაყიდვის სურვილის შესახებ Intel-ის მენეჯმენტისგან ჯერ კიდევ გასული წლის ოქტომბერში გახდა ცნობილი. ამერიკულ კომპანიას, რომელსაც, ბოლო დროს, საქმე არც თუ ისე კარგად აქვს, ამ გზით, პრობლემების მინიმიზაცია სურდა. თავის დროზე, Intel-მა Altera 2015 წელს $16.7 მილიარდად შეიძინა, ანუ ამ გარიგებით ამერიკულმა კომპანიამ დიდი კაპიტალი დაკარგა, მაგრამ ამერიკული გიგანტის შემთხვევაში არც ეს უნდა გვიკვირდეს, რადგან Intel-ი ერთ-ერთი ის კომპანიაა, რომელიც ბოლო წლებში ბაზრის საერთო დინამიკის საწინააღმდეგოდ მოძრაობს.

ბოლო დეკადის მთავარი ინოვაცია ხელოვნური ინტელექტია, რომელმაც ფაქტობრივად ყველა ტექნოლოგიური კომპანიის საბაზრო კაპიტალიზაცია წარმოუდგენლად გაზარდა, მაგრამ Intel-მა ამ ტენდენციით ვერ ისარგებლა და პირიქით, პროცესებს იმდენად ჩამორჩა, რომ ბოლო ერთი წლის განმავლობაში კომპანიის აქციის ფასი 44%-ითაა შემცირებული. წლის დასაწყისიდან დღემდე, მართალია, Intel-ი ძალიან მცირე პლუსში გავიდა, მაგრამ თავად აქცია მეტად მერყევი გახდა. ბოლო ექვს თვეში Intel-ის აქციები ჯერ 18%-ით შემცირდა, მერე 43%-ით გაიზარდა, მერე 28%-ით შემცირდა, შემდეგ კი 32%-ით გაიზარდა.

ამჟამად Intel-ის აქციები კვლავ უფასურდება, ხოლო ბოლო ერთ თვეში დაფიქსირებული კლება 22%-ის ტოლია. აი, სწორედ ამ და სხვა პრობლემების მოგვარება სურს Intel-ს Altera-ს გაყიდვით. თავის დროზე, ამ აქტივით კაპიტალიზაცია Intel-ს კომპანიის აქციების საფონდო ბირჟაზე განთავსებით ჰქონდა გადაწყვეტილი, მაგრამ ეს პროცესი ძალიან დიდ მომზადებას, დროს და ფულს მოითხოვდა, რომელიც ამერიკულ გიგანტს ახლა ნამდვილად არ აქვს. შესაბამისად, კომპანიის საკონტროლო წილის გაყიდვა ის გზაა, რომლითაც Intel-მა ფინანსების მოზიდვა უფრო სწრაფად, მარტივად და ნაკლები დანახარჯით გადაწყვიტა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები