მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"ინტერესი მაღალია, მოლოდინები დადებითი" - ITB Berlin-ზე 15-მდე ქართული კომპანია მონაწილეობს

ITB Berlin 2026

ITB Berlin 2026-ზე, რომელიც 3 მარტს დაიწყო და დღეს სრულდება, 15-მდე ქართული ტურისტული კომპანია და სასტუმრო მონაწილეობს. მათ შორისაა “კავკასუს თრეველი”, Georgian Bus-ი, „ომნეს ტური“ და სხვა.

ტურიზმის ადმინისტრაციის ცნობით, ბერლინში მიმდინარე საერთაშორისო გამოფენის სტუმრები საქართველოს სტენდთან ადგილობრივ ტურისტულ პროდუქტებს, კურორტებსა და ღირსშესანიშნაობებს ეცნობიან, პარალელურად, კომპანიებს შესაძლებლობა აქვთ პოტენციურ პარტნიორებთან საქმიანი კონტაქტები დაამყარონ. ITB Berlin 2026-ის მონაწილე ქართული კომპანიების შეფასებებს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს:

„ეს არის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ადგილი, როგორც ქვეყნის წარდგენისთვის, ასევე პროდუქტის პრომოუშენისთვის, არამხოლოდ გერმანულ ბაზარზე, არამედ საერთაშორისო ასპარეზზეც. ინტერესი მაღალია, მოლოდინები დადებითია, ვნახოთ, იმედია, ეს სეზონი კარგ შედეგებს მოიტანს“, - აცხადებს “კავკასუს თრეველის” წარმომადგენელი გვანცა რაზმაძე.

ტურისტული კომპანია „ომნეს ტურის“ წარმომადგენელი სოფო ზურაბაშვილი აღნიშნავს, რომ ITB Berlin ერთ-ერთი მნიშვნელოვანი პლატფორმაა ევროპის ბაზარზე საქართველოს გასაცნობად. მისი თქმით, ბერლინის გამოფენა გამოირჩევა განსაკუთრებული ინტერესით საქართველოს მიმართ და საქართველოს სტენდი განსაკუთრებული ყურადღების ცენტრშია.

„წლევანდელი გამოფენაც გამორჩეულია ამ კუთხით - ბევრი ევროპელი სტუმარი, ბევრი დამთვალიერებელი მოდის და ეს ძალიან მნიშვნელოვანია როგორც ჩვენი ქვეყნისთვის, ჩვენი კომპანიისთვის, ისე კერძო სექტორისთვის“, - აღნიშნა ზურაბაშვილმა.

კომპანია Georgian Bus და Time for Georgia-ს დირექტორის, შალვა ხუციშვილის განცხადებით კი, ITB Berlin 2026-ის საერთაშორისო ტურისტული გამოფენა ერთ-ერთი მთავარი შესაძლებლობაა როგორც არსებულ, ისე ახალ პარტნიორებთან კავშირების გასამყარებლად.

„ITB Berlin-ი ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანი გამოფენაა, რომელსაც უკვე მეოთხე წელია ვესწრებით. მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ გვაქვს შესაძლებლობა უკვე არსებულ პარტნიორებს შევხვდეთ, ჩვენი ახალი პროდუქტები და სიახლეები გავაცნოთ, მათი აზრიც მოვისმინოთ და დავაკონტრაქტოთ ჯგუფები, რომლებიც ზაფხულში და მომავალ წელს ჩამოვლენ. ასევე, ძალიან მნიშვნელოვანია ახალი პარტნიორების გაცნობა, როგორც გერმანიიდან, ისე მთელი მსოფლიოდან, იმიტომ რომ ერთ სივრცეში ბევრი შეხვედრის ჩატარება შეგვიძლია“, - აღნიშნავს შალვა ხუციშვილი.

ITB Berlin-ზე ვიზიტორთა რაოდენობა დაახლოებით 100 ათასია, გამოფენაზე 170-ზე მეტი ქვეყნიდან 5 ათასზე მეტი ორგანიზაცია და კომპანიაა წარდგენილი.

როგორც ტურიზმის ადმინისტრაცია იტყობინება, სამი დღის განმავლობაში მათ ITB Berlin-ის ფარგლებში საერთაშორისო ტურისტული სააგენტოებთან, მედია ორგანიზაციებთან და PR კომპანიებთან 200-ზე მეტი შეხვედრა გამართეს. მათ შორის შეხვედრები შედგა Booking, Aviareps, BBC, National Geographic, Wanderlust, Lonely Planet, Thinkstrawberries, TUI, Conde Nast Traveler და სხვა ორგანიზაციების წარმომადგენლებთან.

ადმინისტრაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის თანახმად, Booking.com-ის კომერციული სპეციალისტი, კაროლინ ვერმეულენი აცხადებს, რომ საერთაშორისო გამოფენის ფარგლებში, საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაციის გუნდთან საერთაშორისო პლატფორმის მეშვეობით საქართველოში ვიზიტორების რაოდენობის ზრდის შესაძლებლობები განიხილეს.

“ძალიან საინტერესო შეხვედრა მქონდა საქართველოს გუნდთან Booking.com-ზე სარეკლამო გადაწყვეტილებების შესახებ. ახლახან დავიწყეთ ეს კამპანია და ვგეგმავთ იმ სტუმრებს მივწვდეთ, რომლებიც Booking.com-ის საშუალებით ეძებენ დასვენების ადგილებს, რაც მილიონობით ადამიანს წარმოადგენს. სწორედ ამიტომ ჩვენ განვიხილავთ კრეატიულ კამპანიებსა და სტრატეგიებს, რათა მეტი ადამიანი მოვიზიდოთ საქართველოს ულამაზეს ქვეყანაში“, - აღნიშნა Booking.com-ის წარმომადგენელმა, კაროლინ ვერმეულენმა.

აღსანიშნავია, რომ გერმანია საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ტურისტული ბაზარია. 2025 წელს გერმანიიდან საქართველოში 83,656 საერთაშორისო მოგზაური ჩამოვიდა, რაც 2024 წელთან შედარებით 6.4%-ით მეტი იყო. ავიამიმოსვლას უზრუნველყოფს Georgian Airways, Lufthansa და Wizz Air, ფრენები კი კვირაში 19 სიხშირით სრულდება.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები