მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერნეტი წლიურად 3%-ით გაძვირდა - მიზეზები

საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის მიერ გამოქვეყნებული 2025 წლის მონაცემების მიხედვით, საქართველოში შინამეურნეობების 92% ინტერნეტით უზრუნველყოფილია. მაჩვენებელი წინა წელთან შედარებით 0.4 პროცენტული პუნქტით გაიზარდა. ამასთან, ზრდა საქალაქო დასახლებებში 0.7 პროცენტულ პუნქტს, სასოფლო დასახლებებში კი 0.1 პროცენტულ პუნქტს შეადგენდა, შესაბამისად აღნიშნული მაჩვენებლის გაუმჯობესება ძირითადად საქალაქო დასახლებებში დაფარვის ზრდასთან იყო დაკავშირებული.

ქალაქებში ინტერნეტით უზრუნველყოფა 95.2%-ს შეადგენს, სოფლად კი – 87.6%-ს. რეგიონების ჭრილში ყველაზე მაღალი მაჩვენებელი თბილისში (96.9%) და აჭარაში (94.5%) დაფიქსირდა, ხოლო ყველაზე დაბალი დაფარვა (81.7%) რაჭა-ლეჩხუმსა და ქვემო სვანეთშია.

გამოკვლევის თანახმად, ბოლო სამი თვის განმავლობაში 6 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 87.9%-მა ინტერნეტით ისარგებლა, რაც წინა წლის მონაცემებს 3.2 პროცენტული პუნქტით აღემატება. ინტერნეტის მომხმარებელთა წილი ახალგაზრდებში ყველაზე მაღალია: 15-29 წლის ასაკის მოსახლეობის 99% აქტიურად სარგებლობს ინტერნეტით. 30-59 წლის ასაკობრივ ჯგუფში ინტერნეტით სარგებლობის მაჩვენებელია 96.6%, ხოლო 60+ მოსახლეობაში 65.4%-ია.

ელექტრონული კომერციისთვის ინტერნეტის გამოყენება მზარდ ტენდენციას აჩვენებს: 15 წლის და უფროსი ასაკის მოსახლეობის 37.4%-მა ბოლო 12 თვის განმავლობაში ინტერნეტის საშუალებით საქონელი ან მომსახურება შეიძინა. ეს მაჩვენებელი ქალაქებში 43.4%-ია, სოფლად კი – 26.1%.

"გამოკვლევის შედეგების მიხედვით, 15 წლის და უფროსი ასაკისთვის ძირითადად ინტერნეტის გამოყენების მიზნებს წარმოადგენდა: ინტერნეტ (აუდიო/ვიდეო) კავშირი (97.2%), სოციალური ქსელების გამოყენება (96.0%), ინტერნეტ ბანკინგით სარგებლობა (55.7%), ჯანმრთელობის საკითხებზე ინფორმაციის მოძიება (52.1%), საქონლისა და მომსახურების შესახებ ინფორმაციის მოძიება (47.7%), ონლაინ ახალი ამბების/ გაზეთების/ჟურნალების წაკითხვა (45.3%), ელ. ფოსტის მიღება/გაგზავნა (38.5%), პროგრამული უზრუნველყოფის პროდუქტის (გარდა თამაშებისა) ჩამოტვირთვა (13.7%) და სამუშაოს ძიება ან სამუშაოსთვის აპლიკაციების გაგზავნა (11.0%),"- ნათქვამია საქსტატის ანგარიშში.

გასულ თვეში ინტერნეტის სიჩქარესთან დაკავშირებით კვლევა გმოაქვეყნა მსოფლიო ბანკმაც, რომლის შედეგების მიხედვითაც საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის დაბალი სიჩქარე კვლავ სერიოზულ გამოწვევად რჩება. კვლევა ეყრდნობა ინტერნეტის სიჩქარის გლობალური მონიტორინგის ვებგვერდ Ookla-ს სისტემაში 2021-2024 წლების განმავლობაში დაგროვილ შედეგებს.

ამ კვლევის თანახმად, 2024 წლის ივლისის მდგომარეობით, საქართველოში ინტერნეტის ჩამოტვირთვის მედიანური სიჩქარე 20 მბ/წმ-ს შეადგენდა, მაშინ როცა ევროკავშირში ეს მაჩვენებელი 150 მბ/წმ-ს აღწევდა.

კვლევის თანახმად, სიჩქარის ტესტების 93%-ში შედეგი 30 მბ/წმ-ზე დაბალი იყო, რაც რეგიონულ ქვეყნებთან შედარებითაც პრობლემურია, მაგალითად, სომხეთში მომხმარებლების 80% იყო ამ ზღვარზე დაბლა, აზერბაიჯანში 90%, მოლდოვაში კი მხოლოდ 43%. შესაბამისად, საქართველოში მომხმარებელთა მხოლოდ 7%-ს ჰქონდა 30 მბ/წმ-ზე მაღალი ინტერნეტის სიჩქარე, მაშინ როდესაც სომხეთში ეს მაჩვენებელი 20%-ს შეადგენდა.

განსხვავებული სურათია მობილური ინტერნეტის მიმართულებით: 5G-ის დანერგვის შედეგად, 2021–2024 წლებში სიჩქარის ზრდის საშუალო მაჩვენებელი 53% იყო, რითაც საქართველო რეგიონში ლიდერობს.

კვლევა Ookla-ს მონაცემებზე დაყრდნობით ჩატარდა და 2021–2024 წლებში დაგროვილი 7 მილიონი სიჩქარის ტესტის ანალიზს მოიცავს.

სიჩქარის პრობლემების მიუხედავად აგვისტოში საქართველოში ფიქსირებული ინტერნეტის ღირებულება წლიურად გაიზარდა. აქამდე, გასული 12 თვის განმავლობაში ინტერნეტს ინფლაციის სტატისტიკაზე პირიქით დეფლაციური გავლენა ჰქონდა, რადგანაც ერთი წლის წინ პროვაიდერებმა ფასის უცვლელად შენარჩუნებით ინტერნეტის სიჩქარე გაზარდეს, რაც სტატისტიკაში ინტერნეტის 40%-ით გაიაფებად აღირიცხა, თუმცა ამას სტატისტიკაზე მხოლოდ ერთი წლის განმავლობაში ჰქონდა ეფექტი.

ხოლო 2024 წლის აგვისტოში ცალკეული ოპერატორების მიერ ინტერნეტის ტარიფის მატებას ჰქონდა ადგილი, რაც სტატისტიკაში წლიურ ჭრილში 3%-ით გაძვირებად აღირიცხა.

ამის შესახებ აღნიშნულია სებ-ის თვის მიმოხილვაშიც, სადაც ხაზგასმულია რომ წინა წელს ინტერნეტის გადასახადის შემცირების ერთჯერადი ეფექტი უკვე სრულად ამოწურულია. რა აძვირებს ინტერნეტს?

სტუმარი: უჩა სეთური - “მცირე და საშუალო ტელეკომ ოპერატორების ასოციაციის” აღმასრულებელი დირექტორი

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები