საქართველოში ინტერნეტის თავისუფლების კუთხით ვითარება გაუარესდა. ამის შესახებ Freedom House-ის 2025 წლის ანგარიშშია აღნიშნული. კერძოდ, საერთაშორისო ორგანიზაციის მიხედვით, საქართველოს ქულა 4-ით გაუარესდა და 100-დან 70 ქულა მიიღო მაშინ, როცა 2024 წელს 74 ქულა ჰქონდა. თუმცა, ქვეყანა კვლავ რჩება თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნების სიაში.
აღსანიშნავია, რომ Freedom House-ის მიხედვით, ინტერნეტის თავისუფლების სტატუსის მქონე 18 ქვეყნიდან, ნახევარმა 2024 წლის ივნისიდან 2025 წლის მაისამდე პერიოდში ქულების კლება განიცადა. ამ ქვეყნებს შორის კი, საქართველოში ყველაზე დიდი კლებაა.
აღნიშნულის მიზეზად Freedom House-ი „ქართულმა ოცნების“ მიერ სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ რეპრესიული ზომები მიღებას ასახელებს. ანგარიშის თანახმად, ინტერნეტის თავისუფლების სტატუსის მქონე ქვეყნებს შორის კლების მიხედვით, საქართველოს შემდეგ ყველაზე მეტი გაუარესება გერმანიას და აშშ-ის აქვს.
„საქართველოში, რომელიც 2025 წელს ინტერნეტში თავისუფლების მთლიან რეიტინგში მეორე ყველაზე დიდი კლებით იყო წარმოდგენილი, მმართველმა პარტიამ „ქართულმა ოცნებამ“ განაგრძო სამოქალაქო საზოგადოების წინააღმდეგ კამპანია მას შემდეგ, რაც 2024 წლის აგვისტოში ძალაში შევიდა ახალი კანონი „უცხოური გავლენის გამჭვირვალობის შესახებ“, რომელმაც აიძულა სამოქალაქო საზოგადოების ორგანიზაციები და ონლაინ მედია საშუალებები, რომლებიც „უცხოური დაფინანსებით სარგებლობენ“, დარეგისტრირდნენ მთავრობაში. 2024 წლის ოქტომბრის არჩევნებამდე სამართალდამცავმა ორგანოებმა ჩაატარეს ჩხრეკები ატლანტიკური საბჭოს ორი მკვლევარის წინააღმდეგ, რომლებმაც შეისწავლეს ონლაინ გავლენის ოპერაციები საქართველოში. 2025 წლის თებერვალში, საქართველოს პარლამენტმა მიიღო ცვლილებები „შეკრებებისა და დემონსტრაციების შესახებ“ კანონში, რომლითაც საჯარო მოხელეების შეურაცხყოფისთვის სისხლის სამართლის სასჯელი 45 დღემდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს. ცვლილებები შემდეგ გამოყენებული იქნა იმ პირთა ბრალდებების წასაყენებლად, რომლებიც აკრიტიკებდნენ მთავრობას გაშუქების პერიოდის შემდეგ“, - წერს Freedom House-ი.
მიუხედავად ამისა, რეიტინგში საქართველო კვლავ ინარჩუნებს ინტერნეტის თავისუფლების მქონე ქვეყნის სტატუსს კიდევ 17 ქვეყანასთან ერთად, მათ შორისაა: არგენტინა, სომხეთი, ავსტრალია, კანადა, ჩილე, კოსტა-რიკა, ესტონეთი, საფრანგეთი, გერმანია, იტალია, იაპონია, ნიდერლანდები, სამხრეთ აფრიკა, ტაივანი, ისლანდია აშშ და დიდი ბრიტანეთი. ხოლო არათავისუფალი ქვეყნების სიაშია მაგალითად, თურქეთი, აზერბაიჯანი, ბელარუსი, რუსეთი, ირანი და სხვა. აღსანიშნავია, რომ გასულ წელს სერბეთი ინტერნეტის თავისუფლების მქონე ქვეყნების სიაში იყო, თუმცა, წელს, ნაწილობრივ თავისუფალი ინტერნეტის მქონე ქვეყნების სიაში გადაინაცვლა.
ანგარიშში შეფასებულია ჯამში 72 ქვეყანა. მათგან, წელს, 27-ში ინტერნეტის თავისუფლების პირობები გაუარესდა, ხოლო 17 ქვეყანაში გაუმჯობესება დაფიქსირდა. წლის ყველაზე დიდი კლება კენიაში დაფიქსირდა, შემდეგ ვენესუელა და საქართველო მოდის. ინტერნეტ თავისუფლების მხრივ მსოფლიოში ყველაზე ცუდი გარემო ჩინეთსა და მიანმარში რჩება.
Freedom House-ის ანგარიშის მიხედვით, გლობალურად ინტერნეტზე წვდომა 5.5 მილიარდ ადამიანს აქვს. მოსახლეობის 81% ცხოვრობს ისეთ ქვეყნებში, სადაც ადამიანებს აპატიმრებენ პოლიტიკური, სოციალური და რელიგიური საკითხების შესახებ დაპოსტვისთვის. 70% კი ცხოვრობს ქვეყანაში, სადაც ადამიანებს თავს ესხმიან ან სასიკვდილოდ იმეტებენ ონლაინ-აქტიურობის გამო. ასევე, 70% ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც ხელისუფლებები პროსამთავრობო კომენტატორებს იყენებენ ონლაინ დისკუსიების მანიპულირებისთვის. 61% ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც ხელისუფლებამ ინტერნეტი და მობილური კავშირის გამორთვისთვის, ხშირად პოლიტიკური მიზეზებით. ხოლო 61% ცხოვრობს ქვეყნებში, სადაც სოციალური მედია პლატფორმები დროებით ან სამუდამოდ შეიზღუდა.




























