დაზღვევის სახელმწიფო ზედამხედველობის სამსახურმა ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვის ან/და მომსახურების გაწევის წესი დაამტკიცა.
2023 წლის 12 დეკემბერს ხელმოწერილი ბრძანება ძალაში 2025 წლის 1 იანვარს შევა. ბრძანების მიხედვით, „მზღვეველისა და სადაზღვევო ბროკერის მიერ ინტერნეტით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვის ან/და მომსახურების გაწევის პროცესის მიმართ მოთხოვნები“ დგინდება.
კანონის მიხედვით, მოთხოვნების დადგენის მიზანია ინტერნეტის მეშვეობით სადაზღვევო პროდუქტის გაყიდვის ან/და მომსახურების გაწევის პროცესში მომხმარებლის უფლებების უკეთესად დაცვა, სადაზღვევო თაღლითობის პრევენცია, ახალი ინფორმაციული ტექნოლოგიების ეპოქაში დაზღვევის სფეროს ჯანსაღი განვითარებისა და კონკურენტუნარიანი გარემოს ხელშეწყობა.
კანონის მოთხოვნები კი, შემდეგია:
- მზღვეველმა/სადაზღვევო ბროკერმა უნდა უზრუნველყოს ინტერნეტგაყიდვების და მომსახურების პროცესის უსაფრთხოდ და დაცულად წარმართვა;
- მზღვეველის/სადაზღვევო ბროკერის მიერ სადაზღვევო პროდუქტის შესახებ ციფრულ სივრცეში განთავსებული ინფორმაცია მომხმარებელს უნდა აძლევდეს ინფორმირებული არჩევანის გაკეთების შესაძლებლობას;
- მზღვეველი ასევე ვალდებულია უზრუნველყოს მონაცემთა კონფიდენციალურობის, ხელმისაწვდომობის და მთლიანობის დაცვა;
- მზღვეველმა/სადაზღვევო ბროკერმა გაყიდულ სადაზღვევო პროდუქტთან ან/და მომსახურების გაწევის პროცესთან დაკავშირებული დოკუმენტები უნდა შეინახოს ელექტრონულად, მხარეთა შორის სადაზღვევო ურთიერთობების დასრულებიდან 3 წლის ვადით:
- მტკიცების ტვირთი იმის თაობაზე, რომ მზღვეველმა/სადაზღვევო ბროკერმა ინტერნეტით გაყიდა სადაზღვევო პროდუქტი მომხმარებელთან შეთანხმებული პირობებით, ეკისრება მზღვეველს/სადაზღვევო ბროკერს.
ასევე, ამ კანონქვემდებარე ნორმატიული აქტით დადგენილი მოთხოვნების მზღვეველის/სადაზღვევო ბროკერის მიერ შეუსრულებლობის შემთხვევაში, სამსახური უფლებამოსილია მის მიმართ გამოიყენოს „დაზღვევის შესახებ“ საქართველოს კანონით გათვალისწინებული სანქციები.ისევე როგორც, ინტერნეტით დაზღვევის გაყიდვაზე გავრცელდება კანონის ამოქმედების მომენტისთვის კანონით განსაზღვრული ყველა მოთხოვნა.