საქართველოს 2 000-ზე მეტი ქალაქისა და სოფლისთვის ოპტიკურ-ბოჭკოვანი ინტერნეტის ქსელი შეიქმნება. “ საქართველოში ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარების სახელმწიფო პროგრამა" გასულ კვირას დამტკიცდა. პროგრამის დეტალებზე „ბიზნესკონტრაქტთან“ საქართველოს ტექნოლოგიების და ინოვაციების სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ქაშიბაძე საუბრობს.
- ბატონო ირაკლი როდიდან დაიწყება კონკრეტული სამუშაოები?
- პროექტი თითოეული ადამიანის ბედს შეცვლის საქართველოში. ეს არის ინვესტიცია მომავალში და განვითარებაში. მინდა, მადლობა მოვახსენო ფონდ “ქართუს“, რადგან ამ პროექტის შესასრულებლად, 100 მილიონზე მეტი დოლარის გაღება მოხდება. ეს უნიკალური პროექტი და უნიკალური შესაძლებლობაა, სადაც მთავრობა და კერძო სექტორი ერთობლივად, აქტიურად იმუშავებენ ფართოზოლოვანი ინფრასტრუქტურის განვითარებისთვის.
- საზოგადოება რამდენად მზად ხვდება საკუთარი ინფორმაციულობით, ტექნიკური ბაზისით ?
- პროექტის ფარგლებში 2 000-ზე მეტი დასახლებული პუნქტის მიერთება მოხდება ღია დაშვების პრინციპზე დამყარებულ ინფრასტრუქტურაზე. ეს იმას ნიშნავს, რომ პროექტი უზრუნველყოფს, როგორც მსხვილი, ასევე მცირე და საშუალო ინტერნეტ პროვაიდერების განვითარებას. ის მონოპოლიების ჩამოყალიბებას არ განაპირობებს. გარდა ამისა, ეკონომიკის სამინისტროს ინოვაციების სააგენტო სხვა თანმდევ ქმედებებზე მუშაობს, რომელიც წიგნიერების განვითარებას, სწავლებას და სხვადასხვა ტრენინგებს გულისხმობს.
- რა დაჯდება კონკრეტულად ფართოზოლოვანი ინტერნეტის მიყვანა მაგალითად, ერთ ოჯახამდე?
- საბოლოო ჯამში პროექტის საკვანძო ელემენტს ის წარმოადგენს, რომ ჩვენ გარკვეულწილად სტიმულირებას ვაკეთებთ კერძო სექტორის, თავისი ფინანსებით შევიდნენ იმ დასაქმებულ პუნქტებში, სადაც მათთვის ეს კომერციულად მომგებიანია. სადაც კერძო სექტორისთვის კომერციულად ნაკლებად მომგებიანია, უკვე ხდება სტიმულირება ფონდი “ქართუს“ შემოწირულობით, რომ კომერციულმა კომპანიებმა ინფრასტრუქტურა მოიცვან.
ინტერნეტიზაციის პროექტი ზონებად არის დაყოფილი და საბოლოო ჯამში, სადაც უკვე არ განხორციელდება მათ შორის ინფრასტრუქტურის სუბსიდირებით შეყვანა, უკვე სახელმწიფო განახორციელებს ინფრასტრუქტურის მშენებლობას, მაგრამ ოპერირებას კერძო სექტორი განახორციელებს.
- წინასწარი გათვლები თუ არსებობს ყოველივე ეს კერძო სექტორს რა დაუჯდება?
- მთლიანობაში ინფრასტრუქტურულ ნაწილში პროქტის ღირებულება დაახლოებით 100-დან 150 მილიონ აშშ დოლარამდეა, თუმცა ვფიქრობ, რომ დამატებითი ინვესტიციებიც იქნება და მე აღვნიშნე, რომ 150-ზე მეტი მცირე ინტერნეტ პროვაიდერი მოქმედებს საქართველოში. მათ ღიად დაშვების პრინციპი საშუალებას მისცემს, რომ ახალ წერტილებში შევიდნენ, ახალი ინტერნეტ პროვაიდერები გაჩნდნენ.
-კომპანიებმა თუ გამოთქვეს უკვე აღნიშნულ პროგრამაში მონაწილეობის სურვილი?
-ფაქტობრივად ყოველდღიურ სამუშაო რეჟიმში მიმდინარეობდა მსხვილ ინტერნეტ პროვაიდერებთან მოლაპარაკება, ამ პროცესს ეკონომიკის მინისტრი ხელმძღვანელობდა, ეს მოლაპარაკებები წარმატებით დასრულდა და მთავრობის მიერ მიღებულ იქნა დადგენილება, ფართოზოლოვანი ინტერნეტის განვითარების პროგრამის შესახებ. ზუსტად ამ, პროგრამის რამდენიმე ეტაპის ფარგლებში მოხდება კომერციული კომპანიების რეგიონებში შესვლა. ამჟამად კონკრეტული სამუშაოები უკვე მიმდინარეობს. ამ კომპანიებს შორის არის “სილქნეტი“, “მაგთი“, “დელტა კომი“ და კიდევ 100-150 მცირე პროვაიდერია, მსხვილი კომპანიების მხრიდან ინტერესი გამოითქვა საკვანძო ინფრასტრუქტურის მშენებლობისა.
- რით დააინტერესებთ შედარებით მცირე კომპანიებს?
-ამ შემთხვევაში ჩვენ საუკეთესო პრაქტიკები გამოვიყენეთ. ერთ-ერთი ყველაზე კარგი მაგალითი ლიტვის მაგალითია, სადაც იდენტური პროექტი განხორციელდა, ანუ ღია დაშვების ინფრასტრუქტურა შეიქმნა და ამან განაპირობა, რომ დღეს დღეისობით ევროპაში ყველაზე მაღალსიჩქარიანი ინტერნეტი ყველაზე დაბალ ფასად ლიტვაში მიეწოდება.

























