მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინტერნეტიზაცია - ეფექტიანობის აუდიტი

სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა “საყოველთაო ინტერნეტიზაციის” პროგრამის აუდიტის ანგარიშში პროექტის ეფექტურად განხორციელებისათვის რამდენიმე ხარვეზს გაუსვა ხაზი. კერძოდ, აუდიტის დასკვნით, რისკი იმისა, რომ ინტერნეტიზაციისთვის საჭირო ინფრასტრუქტურის მშენებლობა 2025 წლისთვის, პროექტით გათვალისწინებულ ვადებში, ვერ მოესწრება, მაღალია.

გარდა ამისა, ანგარიშში საუბარია ინტერნეტიზაციისთვის სამიზნე გეოგრაფიული არეალების შერჩევის კრიტერიუმებზე, რომლებიც მოძველებულ - 2014 წლის მონაცემთა ბაზაზეა დაფუძნებული. ხარვეზებს შორის ასევე განხილულია იმ ინდიკატორის არარსებობა, რომელიც მაღალსიჩქარიან ინტერნეტზე ხელმისაწვდომ ტარიფებს განსაზღვრავდა.

ამ დარღვევების აღმოსაფხვრელად და პროგრამის ეფექტიანობის გასაზრდელად, სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსა და “ოუფენ ნეტისთვის” სამი რეკომენდაცია შეიმუშავა.

პირველი – ინფრასტრუქტურული სამუშაოებისთვის გამოყოფილი რესურსების პროდუქტიულობის გაზრდის მიზნით, მოსახლეობის ფაქტობრივი რაოდენობის დასადგენად განიხილოს ალტერნატიული საშუალებების გამოყენება – მაგალითად, გარკვეული პერიოდულობით ადგილობრივი თვითმმართველობების ორგანოებიდან განახლებული ინფორმაციის გამოთხოვა.

მეორე – სტრატეგიით განსაზღვრული მიზნის − ფინანსური ხელმისაწვდომობის უზრუნველყოფა − დასაკონკრეტებლად და პრაქტიკულ საქმიანობაში უკეთესად გასათვალისწინებლად შეიმუშაოს საქართველოს მოსახლეობისთვის ფართოზოლოვანი ინტერნეტის ფინანსური ხელმისაწვდომობის განმსაზღვრელი ინდიკატორი.

და მესამე – სამომავლოდ სამიზნე გეოგრაფიულ არეალებში ინტერნეტპროვაიდერების მოზიდვა-დაინტერესების მიზნით, განიხილოს ინტერნეტპროვაიდერებთან და ფართოზოლოვანი ინტერნეტის პოტენციურ მომხმარებლებთან ერთად იმ პირობების იდენტიფიცირების შესაძლებლობა, რომელიც ხელს შეუწყობს პროგრამის ფარგლებში შექმნილი ინფრასტრუქტურის გამოყენებას.

სტუმარი: გიორგი კაპანაძე - სახელმწიფო აუდიტის სამსახური, ეფექტიანობის აუდიტის დეპარტამენტის უფროსი;

#საქმიანიდილა-ს #ანალიტიკა ელენე კვანჭილაშვილთან ერთად

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები