მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინტერნეტპროვაიდერებს ვებ-გვერდების დაბლოკვა აეკრძალათ - სასამართლოს გადაწყვეტილება

5d4bc97953d19
სალომე მეცხვარიშვილი
08.08.19 11:00
1018
საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლომ არაკონსტიტუციურად ცნო მუხლი, რომელიც ინტერნეტდომენის გამცემს ავალდებულებს დაბლოკოს ინტერნეტგვერდი დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების თავიდან ასაცილებლად. საკონსტიტუციო სასამართლომ მიუთითა, რომ ეს არ შეესაბამება კონსტიტუციის მუხლს, რომელიც გამოხატვის თავისუფლების კონსტიტუციურ უფლებას უზრუნველყოფს.

შესაბამისი დათქმა არსებობდა „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტში”. აღნიშნული რეგლამენტის კონკრეტული მუხლების არაკონსტიტუციურად ცნობა მოქალაქე ალექსანდრე მძინარაშვილმა მოითხოვა და სარჩელი კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის წინააღმდეგ შეიტანა.

საკონსტიტუციო სარჩელში მითითებულია მოსარჩელე მხარის არგუმენტაცია: მოსარჩელე მხარე მიიჩნევს, რომ სადავო რეგლამენტით განსაზღვრული ნორმები არღვევენ საქართველოს კონსტიტუციით დაცულ გამოხატვის თავისუფლებას.

მოსარჩელე მხარე აღნიშნავს, რომ სადავო ნორმებით ხდება გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი რეგულირება. გასაჩივრებული ნორმები, ერთი მხრივ, განსაზღვრავს ინტერნეტდომენის გამცემისა და მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებას ქსელში განთავსებული დაუშვებელი პროდუქციის გავრცელების შეზღუდვასთან დაკავშირებით, ხოლო, მეორე მხრივ, მათვე ანიჭებს ფართო დისკრეციას, თავადვე შეაფასონ აღნიშნული პროდუქციის დაუშვებლად მიჩნევის საკითხი.

მოსარჩელე მხარის აზრით, პარლამენტის მხრიდან უფლებამოსილების დელეგირების შემთხვევაშიც კი მარეგულირებელ კომისიას თავად არ ჰქონდა უფლება, გამოხატვის თავისუფლების შინაარსობრივი შეზღუდვის შესაძლებლობა მიენიჭებინა კერძო პირებისათვის, კერძოდ, ინტერნეტდომენის გამცემისა და მომსახურების მიმწოდებლისათვის.

მოსარჩელე განმარტავს, რომ დაუშვებელი პროდუქციის განთავსებისთვის ვებგვერდის დაბლოკვის და ინფორმაციის წაშლის შემდეგაც კი ინფორმაცია შესაძლოა ხელმისაწვდომი იყოს სხვა ადამიანებისათვის მისი გავრცელების სისწრაფისა და გადმოწერის სიმარტივის გათვალისწინებით.

აღნიშნული სარჩელიდან გამომდინარე, საკონსტიტუციო სასამართლომ მიიღო გადაწყვეტილება:

კონსტიტუციური სარჩელი დაკმაყოფილდეს და საქართველოს კონსტიტუციის მე-17 მუხლის პირველი პუნქტის პირველ წინადადებასთან და მე-2 პუნქტთან მიმართებით არაკონსტიტუციურად იქნეს ცნობილი „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის:

ა) 10​3 მუხლის მე-2 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს ინტერნეტდომენის გამცემის უფლებამოსილებას, ინტერნეტგვერდზე „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ​2 ქვეპუნქტით განსაზღვრული სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი ან უზუსტო პროდუქციის აღმოჩენის შემთხვევაში მოახდინოს ინტერნეტგვერდის დაბლოკვა;

ბ) 25-ე მუხლის მე-4 პუნქტის „ზ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მომსახურების მიმწოდებლის ვალდებულებას, მოახდინოს რეაგირება „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ​2 ქვეპუნქტით განსაზღვრული სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი ან უზუსტო პროდუქციის განთავსების თაობაზე მიღებულ ინფორმაციაზე და მიიღოს შესაბამისი ზომები მისი აღმოფხვრის მიზნით;

გ) 25-ე მუხლის მე-5 პუნქტის „ბ“ ქვეპუნქტის ის ნორმატიული შინაარსი, რომელიც ითვალისწინებს მომსახურების მიმწოდებლის შესაძლებლობას, შეზღუდოს „ელექტრონული კომუნიკაციების სფეროში მომსახურების მიწოდებისა და მომხმარებელთა უფლებების დაცვის შესახებ რეგლამენტის დამტკიცების თაობაზე“ საქართველოს კომუნიკაციების ეროვნული კომისიის 2006 წლის 17 მარტის №3 დადგენილებით დამტკიცებული რეგლამენტის მე-3 მუხლის პირველი პუნქტის ჰ​2 ქვეპუნქტით განსაზღვრული სიძულვილისა და ძალადობის განსაკუთრებით მძიმე ფორმების ამსახველი, პირადი ცხოვრების შემლახველი, ცილისმწამებლური, შეურაცხმყოფელი, უდანაშაულობის პრეზუმფციის დამრღვევი ან უზუსტო პროდუქციის შემცველი შეტყობინების გადაცემა.


გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები