კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისია ეხმაურება საავტორო უფლებების კანონში დაგეგმილ ცვლილებებს, რომელზეც "საქპატენტი" მუშაობს.
როგორც კომუნიკაციების მარეგულირებელი ეროვნული კომისიის ხელმძღვანელი ვახტანგ აბაშიძე აცხადებს, მსგავსი შინაარსის კანონმდებლობა დღეს უკვე არსებობს და „მისი აღსრულება ავად თუ კარგად ხდება“. შესაბამისად, კომისიის ხელმძღვანელისთვის გაუგებარია, რაზე მუშაობს „საქპატენტი“.
„მე ვერაფერს გეტყვით ამ კანონპროექტზე, რადგან მე მას არ ვიცნობ. თუ რაიმე საკითხი, კანონპროექტია თუ რამე სხვა, შემხებლობაში მოდის ელექტრონული კომუნიკაციების და მაუწყებლობის სფეროში მოღვაწე კომპანიებთან და პროვაიდერებთან, ამ შემთხვევაში კომუნიკაციის კომისიის გარეშე ამ კანონის მიღება დაუშვებელია.
რაზეა საუბარი, კარგად ვერ გავიგე. რა მასალაზეა საუბარი, თუ საუბარია, საავტორო და მომიჯნავე უფლებების კუთხით, ეს ერთია, თუ საუბარია დაუშვებელი პროდუქციის განთავსებაზე, ეს მეორეა. მეტი კონკრეტიკაა საჭირო.
დღესაც გვაქვს მსგავსი კანონმდებლობა და მისი აღსრულება ავად თუ კარგად სახეზეა. თავად პროვაიდერებსაც და დომეინის ადმინისტრატორ კომპანიას აქვს გაწერილი ვალდებულებები თუ რა უნდა მოხდეს და თუ ისინი არ აღასრულებენ ამ ვალდებულებებს ამ შემთხვევაში კომუნიკაციების კომისიას აქვს კანონით განსაზღვრული უფლებამოსილებები.
ზოგადად საავტორო და მომიჯნავე უფლებების დაცვის აუცილებლობა ფაქტია. საჭიროა, რომ კიდევ უფრო სისტემურად ჩამოყალიბდეს. საჭიროა, იყოს გამართული სისტემა, რომელსაც ექნება თავისი ვალდებულებების და პასუხიმგებლობის ინსტრუმენტი. ასეთი აღსრულების ინსტრუმენტები დღევანდელი კანონმდებლობით აქვს კომუნიკაციების მარეგულირებენ ეროვნულ კომისიას“,- აცხადებს ვახტანგ აბაშიძე.
რაც შეეხება შეკითხვას, თუ არსებობს კანონმდებლობა, რატომ ვერ ხდება მისი ეფექტური აღსრულება, აბაშიძე პასუხობს, რომ ხშირ შემთხვევაში კომისიის გადაწყვეტილებები სასამართლოში საჩივრდება, პროცესები კი დროში იწელება.
„არსებობს კანონმდებლობა, არსებობს კონვენციები, არსებობს კომისიის გადაწყვეტილებების აღსრულების ვალდებულება, თუმცა, არსებობს ფიზიკური თუ იურიდიული პირის უფლება, გაასაჩივროს გადაწყვეტილება სასამართლოში. სასამართლო პროცესის ვადაში განჭვრეტა ძალიან რთულია, რადგანაც ამან შეიძლება მოიაროს ყველა ინსტანცია.
ერთი შეხედვით არსებობს სისტემა, არსებობს აღსრულების მექანიზმები, არსებობს დაცულობის მექანიზმები. ამის იქით ბევრი რამ არის დასაზუსტებელი.
თანამედროვე განვითარების პირობებში გაჩნდა ახალი რისკები, რაც ეხება როგორც საავტორო და მომიჯნავე უფლებებს, ასევე დაუშვებელი პროდუქციის ცნებას, არასრულწლოვანზებზე ზეგავლენის ტემას, სიძულვილის ენას და ა.შ. ყველა ამ საკითხს უნდა გაანალიზება და საკანონმდელო დონეზე აღნიშვნა“,- აცხადებს ვახტანგ აბაშიძე.

























