მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინტერპოლის „წითელი ცირკულარით“ ძებნილი ბიჭიკო პაიკიძე თავისუფალია - ადვოკატი

ბიჭიკო პაიკიძე

ინტერპოლის ე.წ. წითელი ცირკულარით ძებნილი, ვანში „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი და კომპანია „B.P. TRANS“-ის მფლობელი ბიჭიკო პაიკიძე, რომელიც ესპანეთში დააკავეს, ამ დროისთვის თავისუფალია. ამის შესახებ თავდაპირველად „ინტერპრესნიუსს“ პაიკიძის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ბიჭიკო პაიკიძე დაკავების დღესვე, 9 დეკემბერს გათავისუფლდა. ადვოკატი ამ ეტაპზე არ აკონკრეტებს, რა გახდა მისი პატიმრობიდან გათავისუფლების საფუძველი. bm.ge-მ ჭკადუას ჰკითხა, ესპანეთმა საბოლოოდ თქვა უარი პაიკიძის ექსტრადიციაზე, თუ პროცესი გრძელდება. მასალა პასუხის მიღების შემთხვევაში განახლდება.

ბიჭიკო პაიკიძის დაკავების შესახებ ინფორმაცია მისმა საქმის პროკურორმა, ბექა ხუნაშვილმა 19 დეკემბერს სასამართლო პროცესზე გააჟღერა. სახელმწიფო ბრალმდებლის განმარტებით, პაიკიძის მიმართ საექსტრადიციო პროცედურები მიმდინარეობდა.

ცნობისთვის, ვანის საკრებულოში „ქართული ოცნების“ ყოფილ წევრს, ბიჭიკო პაიკიძეს 2021 წლის ივნისიდან 2022 წლის სექტემბრის ჩათვლით განხორციელებულ ქმედებებს ედავებიან. გამოძიების ინფორმაციით, სახელმწიფო ტენდერის შესრულების პროცესში ქუთაისი-ალპანა-მამისონის უღელტეხილის საავტომობილო გზის მონაკვეთსა და ონის მუნიციპალიტეტის არეალში სტიქიის შედეგად დაზიანებული ცალკეული მონაკვეთების ნაპირდამცავი სამუშაოების განხორციელებისას შპს „B.P. TRANS“-ის 100%-იანი წილის მფლობელმა ბიჭიკო პაიკიძემ, კომპანიის დირექტორის ვალერიან კვარაცხელიასა და თანამშრომლის, იოსებ ჭანჭალეიშვილის დახმარებით, ასევე ტენდერის შესრულებაზე კონტროლის განმახორციელებელი საზოგადოების მენეჯერების როინ ფოფხაძის, გიორგი კვახაძისა და ირაკლი გალოგრეს მონაწილეობით, ყალბი ოფიციალური დოკუმენტაციის შედგენა-გამოყენების გზით, მოტყუებით დაეუფლა საქართველოს რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროს კუთვნილ თანხას - 4 184 249 ლარს.

გამოძიების შეფასებით, აღნიშნულმა ქმედებამ დიდი ოდენობით ზიანი გამოიწვია და არსებითად შელახა სახელმწიფოს კანონიერი ინტერესები.

ბიჭიკო პაიკიძეს ბრალდება დაუსწრებლად აქვს წარდგენილი საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 180-ე მუხლის მე-3 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით და 362-ე მუხლის მე-2 ნაწილის „ბ“ ქვეპუნქტით, რაც დიდი ოდენობით თანხის თაღლითურად დაუფლებასა და ყალბი ოფიციალური დოკუმენტების შედგენა-გამოყენებას გულისხმობს. აღნიშნული დანაშაულები სასჯელის სახედ და ზომად 9 წლამდე თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

პაიკიძეს აღკვეთის ღონისძიების სახით დაუსწრებლად პატიმრობა ჰქონდა შეფარდებული, რის შემდეგაც მის მიმართ საერთაშორისო ძებნა გამოცხადდა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები