პარლამენტში დღეს დაჩქარებული წესით დარეგისტრირდა საჯარო კერძო თანამშრომლობის (PPP) სააგენტოს რეორგანიზაციის კანონპროექტი.
აღნიშნული უწყება ამჟამად მთავრობის ადმინისტრაციის დაქვემდებარებაშია და ის კანონის მიღების შემდეგ ეკონომიკის სამინისტროში გადაინაცვლებს, ასევე შეიცვლება მისი სახელი და ფუნქციები - კერძოდ კი მის საფუძველზე "ინვესტიციების და ექსპორტის სააგენტო" დაფუძნდება, ხოლო აღნიშნულ სააგენტოში თანამშრომლები ეკონომიკის სამინისტროს სხვა სსიპ-იდან "აწარმოე საქართველოშიდან" გადაინაცვლებენ.
დღესვე საკანონმდებლო მაცნეზე გამოქვეყნდა პრემიერ-მინისტრ ირაკლი კობახიძის ბრძანება, რომლის მიხედვითაც საჯარო კერძო თანამშრომლობის სააგენტოს უფროსად მიხეილ ხიდურელი დაინიშნა.
კანონპროექტის განმარტებითი ბარათის თანახმად, თუკი PPP სააგენტოს ბიუჯეტი აქამდე 0.7 მლნ ლარით იყო განსაზღვრული, რეფორმირების შემდეგ მასში სსიპ "აწარმოე საქართველოში"-დან 19 თანამშრომელი და დაახლოებით 16.7 მლნ ლარის ბიუჯეტი გადავა.
"მოხდება სსიპ-ის „აწარმოე საქართველოში“ დასაქმებული თანამშრომლების (19 თანამშრომელი), რომლებიც დღეს ახორციელებენ ინვესტიციებისა და ექსპორტის მიმართულებით შესაბამის ფუნქციებს, იმავე პირობებით გადაყვანა სააგენტოში, შესაბამისად კანონპროექტს არ მოჰყვება ფინანსური შედეგები იმ პირთათვის, რომელთა მიმართაც ვრცელდება კანონპროექტის მოქმედება,"- ნათქვამია კანონპროექტის განმარტებით ბარათში.
პარლამენტში აღნიშნული კანონპროექტის დაჩქარებული წესით მოსმენას მიხეილ ხიდურელიც ესწრებოდა, თუმცა განხილვისას არ თქმულა რომ ამ სააგენტოს უფროსი თავად ხიდურელი იქნებოდა.
ეს დეპარტამენტი დაფუძნდება სსიპ "აწარმოე საქართველოში"-დან ექსპორტის და ინვესტიციების კომპონენტის გამოტანით და მთავრობის ადმინისტრაციიდან სსიპ საჯარო და კერძო თანამშრომლობის სააგენტოს ეკონომიკის სამინისტროში გადატანით. გადატანის შემდეგ სააგენტოს სახელი შეეცვლება და მასში გადაინაცვლებს "აწარმოე საქართველოში"-ს გუნდი, რომელიც ინვესტიციების და ექსპორტის მხარდაჭერის დეპარტამენტში საქმიანობდა.
მიხეილ ხიდურელის განმარტებით, თავად სააგენტოს ეკონომიკის განვითარების კორპორაციად ტრანსფორმაციის პროცესში გადაწყდა, რომ ინვესტიციების და ექსპორტის მხარდაჭერის მიმართულება ცალკე სააგენტოს სახით ჩამოყალიბდეს და ეკონომიკის სამინისტროს დაექვემდებაროს.
"ჩათვალეთ, რომ ის გუნდი, რომელიც ამ წარმატებაზე იყო პასუხისმგებელი, სრულად რჩება და მეტსაც გეტყვით, როდესაც უკვე სააგენტოს ექნება ცალკე ფუნქცია, ანუ აღარ იქნება "აწარმოესთან" ერთად, სადაც ბევრად დიდი ბიუჯეტური თემები ტრიალებდა, მეტი კონცენტრაცია იქნება ინვესტიციის მოზიდვის საკითხზე.
თქვენ ნახეთ პრემიერ-მინისტრის და მინისტრის პოზიცია ამ თემასთან დაკავშირებით, რომ დაგეგმილია ძალიან ბევრად უფრო დიდი მასშტაბით ამ საკითხებზე [ინვესტიციების მოზიდვა და ექსპორტის მხარდაჭერა] მუშაობა. შესაბამისად ჩვენ როგორც კი ეს კანონი შეიცვლება, დაიწყება რეორგანიზაცია. რეორგანიზაციის ფარგლებში მოხდება გაძლიერება, ზოგიერთ დეპარტამენტის შემთხვევაში რაოდენობრივი, ზოგიერთ დეპარტამენტში ხარისხობრივი,"- განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.
რაც შეეხება უშუალოდ ეკონომიკის განვითარების კორპორაციის დაფუძნების კანონპროექტს, პარლამენტში მისი ინიციირება ჯერჯერობით არ მომხდარა. როგორც მიხეილ ხიდურელი ამბობს, ცვლილების მიღების შემდეგ მათ ექნებათ პრეზენტაცია, სადაც 3-4 წლის გეგმას წარადგენენ და საზოგადოებას მათ ამოცანებს გააცნობენ.
"ჩვენ უკვე საზოგადოებასთან ერთად წარვადგენთ ახალ პრეზენტაციას, რა არის შემდეგი 3-4 წლის გეგმა და ავიღებთ ახალ, ასე ვთქვათ მაჩვენებლებს და ყველანაირად შევეცდებით, რომ ახალ რეკორდებსაც მივაღწიოთ", - განაცხადა მიხეილ ხიდურელმა.




























