ხელახლა დაფუძნებული სსიპ ინვესტიციების სააგენტო გამარტივებული შესყიდვით ძველი პლატფორმის tradewithgeorgia.com-ის განახლებას ყიდულობს. გამარტივებული შესყიდვის მოცულობა 8850 ლარია და მისი მიზანი პლატფორმის გადაუდებელი ტექნიკური განახლება, უსაფრთხოების რისკების აღმოფხვრა, სისტემის სრული სტაბილიზაცია და ინფორმაციული უსაფრთხოების უზრუნველყოფაა.
“პლატფორმა საჭიროებს ფუნდამენტურ ტექნიკურ განახლებას, ვინაიდან გამოყენებული PHP, Laravel და MySQL ვერსიები მოძველებულია და ვეღარ აკმაყოფილებს თანამედროვე უსაფრთხოების მოთხოვნებს. ასევე, არსებობს საფრთხე, რომ სისტემაში არსებული მავნე კოდი ან უსაფრთხოების ხარვეზები კვლავ გახდეს ინციდენტების მიზეზი.
TradeWithGeorgia პლატფორმის დაზიანებამ ან მონაცემთა დაკარგვამ შესაძლოა მნიშვნელოვანი ზიანი მიაყენოს სააგენტოს მიმდინარე და დაგეგმილ საექსპორტო პროგრამებს, საერთაშორისო პარტნიორებთან კომუნიკაციას, სააგენტოს საქმიანობის უწყვეტობასა და რეპუტაციას.
მომსახურების სპეციფიკიდან გამომდინარე, ექსპორტიორთა პლატფორმა TradeWithGeorgia -ს პროგრამული კოდი შექმნილია და მონაცემთა ბაზა სტრუქტურირებულია შპს „იდეა დიზაინ ჯგუფი“-ს მიერ, რაც უზრუნველყოფს სამუშაოების მაქსიმალურად მოკლე ვადებში შესრულებას, მონაცემთა უწყვეტობის შენარჩუნებას, სისტემის უსაფრთხო განახლებას და ტექნიკური რისკების მინიმიზაციას”, - წერია შესყიდვის საჭიროების განმარტებაში.
ცნობისთვის, მთავრობამ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში ინვესტიციების სააგენტოს ამოქმედების გადაწყვეტილება დაახლოებით ორი თვის წინ გამოაცხადა.
უნდა აღინიშნოს, რომ ეკონომიკის სამინისტროს დაქვემდებარებაში ასეთი საჯარო სამართლის იურიდიული პირი ადრეც არსებობდა და ის „ქართული ოცნების“ მთავრობამ 2017 წლის ივნისში გააუქმა. სსიპ საქართველოს ეროვნული საინვესტიციო სააგენტოს ლიკვიდაციის შესახებ დადგენილებას ხელი მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა მოაწერა ხელი. სააგენტოს გაუქმების შესახებ განცხადება გიორგი კვირიკაშვილმა 2017 წლის ბიუჯეტში ადმინისტრაციული ხარჯებისა და ბიუროკრატიული აპარატის შემცირების მოტივით, სხვა გადაწყვეტილებებთან ერთად 2016 წლის ნოემბერში გააკეთა და თქვა, რომ სააგენტო "მეწარმეთა სააგენტოს" შეუერთდებოდა, რომელსაც შემდეგ “აწარმოე საქართველოში” დაერქვა. წელს კი, "აწარმოე საქართველოშის“ ბაზაზე „ეკონომიკის განვითარების კორპორაცია” და “ინვესტიციების სააგენტო” ცალ-ცალკე ჩამოყალიბდა. კორპორაციის ხელმძღვანელად ირაკლი გაბრიაძე დაინიშნა, ხოლო ინვესტიციების სააგენტოს - მიხეილ ხიდურელი.




























