ქვეყნები, რომლებთანაც საქართველოს თავისუფალი სავაჭრო შეთანხმება აქვს გაფორმებული, დიაგონალური კუმულაციით ისარგებლებენ. ეს ნიშნავს, რომ EFTA-ს წევრი ქვეყნებიდან, ევროკავშირიდან და თურქეთიდან იმპორტირებულ ნედლეულზე საქართველოში დამზადებული პროდუქცია ჩაითვლება საქართველოში წარმოშობილად და ისარგებლებს თავისუფალი სავაჭრო რეჟიმით.
როგორც bm.ge-ს ეკონომიკის სამინისტროს, საგარეო ვაჭრობის დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, მარიკა გაბუნიამ განუცხადა, EFTA-ს წევრ ქვეყნებთან: შვეიცარიასთან, ნორვეგიასთან, ისლანდიასა და ლიხტენშტეინთან უკვე მოქმედებს დიაგონალური კუმულაცია. რაც შეეხება თურქეთს, ქართულმა მხარემ დიაგონალური კუმულაციის შესახებ შეთანხმების რატიფიცირება უკვე მოახდინა და ჯერი ამჯერად თურქეთზეა.
„საქართველო პატარა ქვეყანაა. სანედლეული ბაზაც მწირი გვაქვს. ამ შეთხვევაში ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ თურქეთი, როგორც სანედლეული ბაზა. ყველაზე მეტად ტექსტილის სექტორი ელოდება თურქეთთან დიაგონალური კუმულაციის ამოქმედებას. საქართველოში ტექსტილის მწარმოებელ ინვესტორებს ახლა თურქეთიდან შემოაქვთ ნედლეული. აწარმოებენ პროდუქციას და კვლავ გააქვთ თურქეთში, რათა გაიტანონ ევროკავშირში. დიაგონალური კუმულაციის ამოქმდების შემდეგ, ისინი პირდაპირ საქართველოდან შეძლებენ პროდუქციის ევროკავშირში გატანას“-აცხადებს მარიკა გაბუნია.

























