საპარტნიორო ფონდის საინვესტიციო დეპარტამენტის ხელმძღვანელის გიორგი დანელიას განცხადებით, ტურიზმისა და უძრავი ქონების სექტორში აქტივობა როგორც ადგილობრივი, ისე საერთაშორისო ინვესტორების მხრიდან საკმაოდ მაღალია, განსაკუთრებით სასტუმროების მიმართულებით, - ამის შესახებ მან ,,საქმიან დილაში“ განაცხადა. მისი განმარტებით, ტურიზმის მიმართულებით საინვესტიციო პორტფელი ჯამურად დაახლოებით 500 მილიონი დოლარია, საიდანაც ფონდის მონაწილეობა 100-130 მილიონი დოლარს შეადგენს.
როგორც დანელია აცხადებს, საპარტნიორო ფონდის პრიორიტეტი რეგიონებში სასტუმრო ინფრასტრუქტურის განვითარებაა, რადგან ტურისტების რიცხვი სწრაფად მზარდია.
,,რაც შეეხება კახეთის სასტუმროებს, ,,ჩვენ სილქ როუ ჯგუფთან“ ერთად კახეთში პირველი ბრენდირებულ სასტუმრო ვაკეთებთ. ეს არის ,,რადისონ-წინანდალი“, რომელიც შემოდგომაზე გაიხსსნება, საკმაოდ მაღალი დონის ტურისტული კომლექსი გამოდის. ასევე ჩართული ვართ ,,ლოპოტას“ გაფართოების პროექტშიც, სადაც დაემატა ნომრების რაოდენობა, რესტორანი, შატო, აუზი და კიდევ უფრო მიმზიდველი გახდა ტურისტებისთვის ეს კომპლექსი. შესაბამისად კახეთის რეგიონისათვის ეს იქნება ორი ახალი დიდი პროექტი, რომელიც მას განვითარების ახალ ეტაპზე გადაიყვანს“ - განაცხადა გიორგი დანელიამ.
გარდა ამისა, ფონდს აქვს პროექტები ისეთ რეგიონებში, სადაც სასტუმრო ბიზნესი განვითარების დაბალ საფეხურზეა.
,, ჩვენ გვირჩევნია ისეთ რეგიონში დავიწყოთ პროექტი, რომელიც განვითარების ქვედა საფეხურზეა. მაგალითად, ამჟამად ვმუშაობთ პროექტზე აბასთუმანში, ასევე გვაქვს პროექტები გუდაურში, ბაკურიანში, ფასანაურში. ათამდე სასტუმროს პროექტი გვაქვს ამჟამად განხილვის სხვადასხვა ეტაპზე“ - განაცხადა გიორგი დანელიამ.
მისივე განმარტებით, საპარტნიორო ფონდის პირობები ინვესტორებისათვის საკმაოდ მოქნილია.
,,ჩვენთვის მნიშვნელოვანია, რომ პროექტი იყოს კომერციულად საინტერესო, შერჩევისას მთავარი კრიტერიუმია ის, რომ ჩვენ შეგვიძლია დავაფინანსოთ კაპიტალის მხოლოდ 49%, რაც იმას ნიშნავს, რომ დანარჩენი 51% უნდა იყოს ინვესტორის თანამონაწილეობა, გარდა ამისა, პროექტში შევდივართ გარკვეული ვადით, ანუ ინვესტორმა უნდა გამოისყიდოს ჩვენი წილი გარკვეული პერიოდის განმავლობაში წინასწარ შეთანხმებულ ფასად. ეს ერთგვარი კომფორტია ინვესტორისთვის, რადგან მათ ჰყავთ პარტნიორი, რომელიც ნებისმიერ დროს შეუძლიათ გაისტუმრონ პროექტიდან. საპარტნიორო ფონდი ცდილობს, არ ჩაერიოს ბიზნესის საქმიანობაში. ამიტომ ვარჩევთ ისეთ პარტნიორს, რომელსაც აქვს სასტუმროს მართვის გამოცდილება, ან მოჰყავს საერთაშორისო ოპერატორი“ - განაცხადა დანელიამ.

























