ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის წარმომადგენლების ნაწილის მოლოდინით, ახლო აღმოსავლეთის კონფლიქტს შესაძლოა, საქართველოს უძრავი ქონების ბაზარზე შედარებით გრძელვადიან პერიოდში დადებითი გავლენა ჰქონდეს.
როგორც BMG-სთან "რეინვესტის" დამფუძნებელი ლევან ბოლქვაძე აცხადებს, რეგიონში მიმდინარე კონფლიქტის ფონზე შესაძლოა უცხოელმა ინვესტორებმა კაპიტალის დივერსიფიცირების მიზნით შედარებით უსაფრთხო ბაზრების მოძიება დაიწყონ. შედეგად, კი ბათუმის უძრავი ქონების ბაზრის მიმზიდველობა როგორც ევროპელ, ასევე აზიის ქვეყნების ინვესტორებში გაიზარდოს.
“გავიხსენებ გასული წლის მსგავს მოვლენებს, ისრაელი-ირანის ომს, რომელიც მაისი-ივნისის პერიოდში იყო, რამაც გავლენა ნამდვილად მოახდინა ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე, იმიტომ რომ ეს უფრო აქტიური სეზონის დასაწყისი იყო და ამან გავლენა მოახდინა, ფრენების შეჩერებამ და ა.შ. თუმცა დღევანდელი სიტუაციით, ეს ომი შედარებით ადრე დაიწყო, გაზაფხულზე, რომელიც არ წარმოადგენს სეზონს ბათუმისთვის. ეს უფრო მოსამზადებელი პერიოდი არის და ამ ნაწილში მოლოდინები ასეთი მყისიერი ვერ იქნება, როგორც გასულ წელს.
რაც შეეხება ზოგადად ომის გავლენებს, მე ვიტყოდი, რომ უნდა გავიხსენოთ ჩვენ 2022 წელი. რამდენადაც ხელისშემშლელი ფაქტორი შეიძლება იყოს ეს ინვესტორებისთვის, კაპიტალიზაციის კუთხით ამდენად საქართველოსთვის, დადებითი აღმოჩნდა — ვიხსენებ უკრაინა-რუსეთის ომს. მე ვფიქრობ, რომ შესაძლებელია მომავალში, დღევანდელმა სიტუაციამ გამოიწვიოს ის, რომ გადაანაწილოს მაღალბიუჯეტიანი, მაღალმსყიდველუნარიანი ინვესტორების კაპიტალი და დივერსიფიცირებულ ბაზრებში შეიტანონ ეს თანხები. ასეთ ლოკაციად და უძრავი ქონების ბაზრად მოიაზრება საქართველო. განსაკუთრებით აჭარა, ბათუმი, რომელიც არის საზღვაო კურორტი და აქ გამოირჩევა დიდი წილით უცხოელი ინვესტორების რაოდენობა.
მით უმეტეს, როდესაც გასული წლიდან მოყოლებული ბათუმში ძალიან მსხვილი, მასშტაბური პროექტები ხორციელდება. როგორიც არის ხელოვნური კუნძულის მშენებლობა, ეს არის ისტორიული პროექტი საქართველოსთვის და ზოგადად შავი ზღვის აკვატორიისთვის. ასევე, Eagle Hills-ის დაანონსებული პროექტი, რომელიც გონიოში უნდა განხორციელდეს. ეს ორი პროექტი თვალსაჩინოა იმისთვის, რომ მსხვილი ინვესტორების ყურადღების ცენტრში ექცევა ბათუმი. შესაბამისად, ის ინვესტორები, რომლებიც შედარებით აქამდე თავს იკავებდნენ ბათუმის უძრავი ქონების ბაზარზე შემოსვლასთან დაკავშირებით, ახლა მათთვის ეს ფანჯარა უფრო მეტად გაიხსნა.
ყველასთვის ცნობილია, რომ დუბაი არის ერთ-ერთი მიმზიდველი ამ კუთხით [უძრავ ქონებაში ინვესტირება]. ძალიან ბევრი ევროპელი და არა მხოლოდ, აზიის ქვეყნებიდან, მათ შორის ინდოეთი, 25 პროცენტს წარმოადგენს დაახლოებით ინვესტორების რაოდენობას დუბაიში. მათთვისაც რაღაც კონტექსტში, თუნდაც ამ ერთკვირიანი უხერხულობის ფონზე, კითხვის ნიშნის ქვეშ დადგა — რამდენად უსაფრთხო იქნება ესა თუ ის ინვესტიცია ამ ქვეყანაში, როდესაც ის პიკში არის, მე ვგულისხმობ დუბაის უძრავი ქონების ბაზარს”, - განაცხადა ლევან ბოლქვაძემ.
ცნობისთვის, Galt & Taggart-ის ინფორმაციით, 2025 წელს ბათუმში უცხო ქვეყნის მოქალაქეების წილმა შერჩეული დეველოპერების პროექტების გაყიდვებში 52% შეადგინა. მათ შორის, 13% ისრაელის მოქალაქეებზე მოდიოდა, ასევე 13% თურქეთის რეზიდენტებზე, 11% უკრაინის, რუსეთის და ბელარუსის მოქალაქეებზე.
რაც შეეხება თბილისს, 2026 წლის იანვარში დედაქალაქში გაყიდული ბინების 29% უცხოელებზე მოდიოდა, მათ შორის ბინების 12% ისრაელის მოქალაქეებმა იყიდეს, 2% კი რუსეთის მოქალაქეებზე მოდიოდა.




























