აგრარულ საკითხა კომიტეტის თავმჯდომარის ოთარ დანელიას განცხადებით, მას აქვს ინფომაცია, რომ ადგილობრივი ხელისუფლების მხრიდან ადგილი აქვს ინვესტორებისთვის მიწის იჯარით გადაცემის შეზღუდვას.
მისი თქმით, ადგილობრივ დონეზე არამხოლოდ იჯარით გადაცემასთან დაკავშირებით ხდება შეზღუდვა, არამედ აუქციონზე გამოცხადებული იჯარის მიწის ნაკვეთების შემთხვევაშიც.
როგორც დანელიამ „საქმიანი დილის“ ეთერში განმარტა, მას შემდეგ, რაც ის გადამოწმებულ ინფორმაციას მიიღებს, აუცილებლად ექნება კომუნიკაცია პრემიერ მინისტრთან, რათა შესაბამისი ზომები გატარდეს.
„ძალიან ბევრი რაიონიდან მომდის ინფორმაცია. არა მხოლოდ იჯარით გაცემასთან დაკავშირებით ხდება შეზღუდვა ადგილობრივ დონეზე, არამედ აუქციონზე გამოცხადებული მიწის ნაკვეთების იჯარის შემთხვევაშიც კი, ეკონომიკის სამინისტროს მოსვლია ხოლმე უარყოფითი პასუხი ადგილობრივი მუნიციპალიტეტიდან. ეს არის ტრაგედია, არცერთი კანონი, არცერთი სისტემური რეგისტრაცია ჩვენ არ გვიშველის, თუ ასეთი პრეცედენტები ხდება ადგილობრივ დონეზე.
აქ შეიძლება იყოს რაიმე არაჯანსაღი მიზეზი, სხვა მიზეზი ფიზიკურად აქ ვერ იქნება. ეს არის გზავნილი, თითოეულ მუნიციპალიტეტს ეხება, რომელიც ამ თემასთან შეიძლება რამე კავშირში იყოს. ამაზე ჩვენ გვექნება ძალიან მკაცრი რეაქცია; აზრი არ აქვს არც დარგს, არც სოფლის მეურნეობის განვითარებას, არაფერს, თუ ასეთი რამ რაიონულ დონეზე ხდება.
გარდა ამისა, ძალიან ხშირად ხდება ისეთი ნაკვეთების საძოვრებად წარმოჩენა, რომელიც აბსოლუტურად არაფერ შუაში არ არის საძოვრებთან, სადაც მოსახლეობა არ ცხოვრობს. ადგილობრივი თვითმართველობიდან მოდის ინფორმაცია, რომ იქ ადგილობრივები არიან წინააღმდეგნი, სინამდვილეში ახლოს არავინ არ ცხოვრობს. ასეთი არის უამრავი შემთხვევა. პასუხები უნდა გასცენ კითხვებზე და კითხვები, რა თქმა უნდა, იქნება“, - განმარტა ოთარ დანელიამ.
მისი თქმით, აღნიშნულ პრობლემას არ აქვს სისტემური ხასიათი, თუმცა ეს არ არის ერთი ან ორი შემთხვევა.
„რასაკვირველია, ამას ბოლომდე ჩავყვებით და პასუხი მოეთხოვება ყველას, ვინც ხელოვნურად აფერხებს სოფლის მეურნეობის განვითარებას, თავიანთ მუნიციპალიტეტებში. ეს არის ჩვეულებრივი დანაშაული, ამიტომ ჩვენ მივიღებთ ინფორმაციას ეკონომიკის სამინისტროსგან, რადგან ჯერ მოთხოვნა იგზავნება ადგილობრივ ხელისუფლებაში და იქიდან მოდის შესაბამისი პასუხი, რომ შემდგომ ეკონომიკის სამინისტრომ განკარგოს ესა თუ ის ქონება, მათ შორის სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები.
ჩვენ აუცილებლად მივიღებთ სტატისტიკას ამ დღეებში და გვეცოდინება რამდენი მიმართვიანობა იყო, რამდენზე იყო უარყოფითი პასუხი და აუცილებლად თითოეულ მათგანზე მოვითხოვთ განმარტებას. ის არ არის პასუხი, რომ მოსახლეობაა წინააღმდეგი. ჩვენ გვაინტერესებს კონკრეტულად, რასთან გვაქვს საქმე“, - აცახდებს ოთარ დანელია.

























