ბალნეოლოგიური კურორტის მშენებლობა ზაფხულამდე დაიწყება,- ამის შესახებ "ბიზნესკონტრაქტს" კურორტის ახალმა მფლობელმა "მეიდან ჯგუფის" ხელმძღვანელმა ქეთევან ხუროძემ განუცხადა.
მისი თქმით, ამჟამად თბილისის ბალლნეოლოგიური კურორტის ესკიზზე კონკურსი მიმდინარეობს, რის შემდეგაც კონკრეტული არქიტექტორი შეირჩევა, რომელიც პროექტს მოამზადებს.
ქეთევან ხუროძის ინფორმაციით, მას შემდეგ, რაც პროექტი შემუშავდება, მისი შეთანხმება მერიასთან დაიწყება.
ინვესტორი აცხადებს, რომ დროში შეზღუდულები არიან, ამიტომ, მათი ინტერესია, რომ რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს პროექტის დაწყება.
შეგახსენებთ, რომ გასული წლის ბოლოს მთავრობამ თბილისის ბალნეოლოგიური კურორტი კომპანია "იალონს" გადასცა. საქართველოს მთავრობის დადგენილებით, კომპანიასა და სახელმწიფო ქონების ეროვნულ სააგენტოს შორის გაცვლის ხელშეკრულება გაფორმდა. ამასთან, კომპანიას ეკისრება ვალდებულება, ადგილზე შექმნას არანაკლებ 30-ნომრიანი სასტუმრო და ინვესტიციის სახით მინიმუმ 8 მილიონი ლარი ჩადოს.
როგორც რამდენიმე კვირის წინ ბალნეოლოგიურის ახალმა მეპატრონემ "ბიზნესკონტრაქტს" განუცხადა, კურორტს ასეულ ათასობით დავალიანება აქვს და 70% კაპიტალურად სარემონტოა.

























