მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ინვესტორი ჰესების ასაშენებლად გაჭიანურებულ პროცედურებზე საუბრობს

59d47e78d1bee
დავით ჯალაღონია
04.10.17 10:23
1142
საინჟინრო–საკონსულტაციო კომპანია „გროს ენერჯი ჯგუფის“ მიერ მომზადებული 11 პროექტი სამშენებლო ეტაპზე გადასასვლელად მზად არის. ამის შესახებ „საქმის კურსს“ კომპანიის გენერალურმა დირექტორმა ანგული ტყებუჩავამ განუცხადა.

“ჩვენ 11 პროექტი გვაქვს, რომლებიც ფაქტიურად, ყველა სამთავრობო ინსტანციაში შეთანხმებულია იმისთვის, რომ ხელი მოეწეროს მშენებლობის მემორანდუმს. მშენებლობის მემორანდუმის შემდეგ გაკვეულ პერიოდს აძლევს სახელმწიფო ინვესტორს, რომ პროექტების გადასინჯვა მოხდეს, რადგან მშენებლობის ნებართვების დროს დამატებითი საკითხებია შესათანხმებელი, მაგალითად, სატყეო ფონდთან მიწების გამოყოფის საკიხები. სავარაუდოდ, მომავალი წლის გაზაფხულზე უკვე მშენებლობის ნებართვაზე შეიტანენ ეს პროექტები განაცხადს“, – განაცხადა ტყებუჩავამ და დასძინა, რომ „მიწების გამოყოფის საკითხი არის გრძელვადიანი“.

„ჩვენს შემთხვევაში ეს პროცესი 5-6 თვე იწელება. ამის მიზეზს ვერ დაგისახელებთ, მაგრამ ეს შემაფერხებელი რომ არის და ამას აღმოფხვრა რომ უნდა, ეს ფაქტია. ეს პროცესი სწრაფად უნდა მოხდეს. მიწების გადაფორმება, დანიშნულების შეცვლა და ა.შ, ეს გრძელვადიან პროცესებს მოითხოვს - მთავრობის სხდომაზე უნდა გავიდეს, დადგენილება უნდა იქნეს მიღებული... ეს ადმინისტრაციული წარმოების პროცედურა დიდ ვადას მოითხოვს, რაც აუცილებლად უნდა შემცირდეს“, – განმარტა კომპანიის გენერალურმა დირექტორმა.

„გროს ენერჯი ჯგუფის“ მიერ მომზადებული 11 მცირე და საშუალო ჰესების პროექტების ჯამური საინვესტიციო ღირებულება დაახლოებით 450 მლნ აშშ დოლარია, დადგმული სიმძლავრე კი – 300–მდე მეგავატი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები