"საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია" თბილისთან და კასპთან ქარის ელექტროსადგურების მშენებლობაში 150 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს.
საქმე იმაშია, რომ 2019 წლის 30 დეკემბერს, საქართველოს მთავრობამ თბილისთან და კასპთან ქარის ელექტროსადგურების მშენებლობის კონცეფცია მოიწონა.
როგორც BM.GE-ის "საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიაში" განუცხადეს, (GRPC) თბილისსა (54 მგვტ) და კასპში (54 მგვტ), ჯამში, 108 მეგავატი სიმძლავრის ელექტროსადგურების მშენებლობას, მათი შვილობილი - სს "კავკასიის ქარის კომპანია" განახორციელებს.
„თბილისის ქარის ელექტროსადგური წლიურად - 171.853 გგვტ-ს, ხოლო კასპის სადგური 211.164 გგვტ-ს გამოიმუშავებს.
საჯარო და კერძო თანამშრომლობის კანონმდებლობის ფარგლებში „პროექტის კონცეფცია“, პროექტების განვითარების ერთ-ერთი ეტაპია, რომელიც მოიცავს მის ძირითად მახასიათებლებს და წინარე, ტექნიკურ-ეკონომიკურ შეფასებას.
"კავკასიის ქარის კომპანია" თბილისსა და კასპში ელექტროსადგურების მშენებლობამდე გაივლის კანონით გათვალისწინებულ ყველა პროცედურას. ამ მიზნით უკვე ჩატარდა პროექტების სკოპინგის საჯარო განხილვები", - განუცხადეს bm.ge-ის ინვესტორ კომპანიაში.
მისივე ინფორმაციით, ამჟამად ორივე პროექტზე მიმდინარეობს გარემოზე ზემოქმედების შეფასების ანგარიშის მომზადება.
"დადებითი გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღებისთანავე, "კავკასიის ქარის კომპანია" დაიწყებს მოლაპარაკებას ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროსთან ძირითადი სამშენებლო ხელშეკრულების გაფორმების შესახებ“, - ამბობენ "საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანიაში".
შეგახსენებთ: გასული წლის ნოემბერში "კავკასიის ქარის კომპანიამ" იყიდა ქართლის ქარის სადგური, რომელიც ეკონომიკის სამინისტრომ ელექტრონული აუქციონის გზით გაყიდა.
ცნობისთვის: "საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია" სააქციო საზოგადოებაა, რომელიც საქართველოს მასშტაბით ენერგეტიკულ პროექტებს ახორციელებს. კომპანიის 65%-იანი წილის მფლობელია საინვესტიციო ჰოლდინგი "საქართველოს კაპიტალი", ხოლო 35%-ის - საერთაშორისო კომპანია - RP Global Austria GmbH.
"საქართველოს განახლებადი ენერგიის კომპანია" წარმოადგენს ერთიან პლატფორმას საქართველოში ჰიდრო ელქტროსადგურების, ქარისა და მზის სადგურების განვითარებისთვის.