მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორს საარბიტრაჟო დავა არ უნდა სჭირდებოდეს, ეს ცუდი ნიშანია - პაატა ცინცაძე "ნამახვანჰესზე"

ენერგეტიკა

საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის შეფასებით, ენერგეტიკის სექტორის ერთ-ერთი მთავარი გამოწვევა შეჩერებული მსხვილი ჰესების პროექტებია.

როგორც BMG-სთან პაატა ცინცაძე აცხადებს, საინვესტიციო გარემოზე ნეგატიურად აისახება მათ შორის საარბიტრაჟო დავა, რომელიც საქართველოს მთავრობასა და „ნამახვანჰესის“ ინვესტორ კომპანია ENKA-ს შორის მიმდინარეობდა.

”ყველაზე დიდი პრობლემა ჩვენთვის უკვე ბოლო 30 წელია დიდი წყალსაცავიანი ჰესების მშენებლობაა. სამწუხაროდ, ვერ ვახორციელებთ ვერც ხუდონს, ვერც ნენსკრა ჰესს და ვერც ნამახვანჰესის პროექტებს. ეს სამივე პროექტი, რომელსაც შეუძლია შეიტანოს გარდამტეხი როლი საქართველოს ენერგეტიკის სექტორში, სამწუხაროდ, გაჩერებულია. [ენერგეტიკაში] პირდაპირი უცხოური ინვესტიციები მხოლოდ იმ შემთხვევაში გაიზრდება, თუ ეს დიდი პროექტები გაცოცხლდება და რამენაირად მოხერხდება მათი განხორციელება.

ინვესტორები ქვეყანაში მიმდინარე ნებისმიერ პროცესს ყურადღებით აკვირდებიან. მათ საკუთარი სახსრები უნდა ჩადონ [პროექტში] და არავის უნდა საკუთარი ინვესტიციების, ფულის დაკარგვა. ძალიან სკრუპულოზურად აკვირდებიან ყველა ამ პროცესს. ის, რომ ნამახვანჰესის ინვესტორს, თურქულ კომპანია ENKA-ს საქართველოს მთავრობის წინააღმდეგ საარბიტრაჟო დავა დასჭირდა, ეს უკვე ცუდი ნიშანია. არ უნდა სჭირდებოდეს ინვესტორს დავა”, - განაცხადა პაატა ცინცაძემ.

ამასთან, საქართველოს ენერგეტიკის აკადემიის პრეზიდენტის შეფასებითვე, ენერგეტიკის დარგში ინვესტიციების მოზიდვას ხელი უნდა შეუწყოს ელექტროენერგიის შესყიდვის პირდაპირი ხელშეკრულებების აღდგენამ.

"რაც შეეხება სხვა ფაქტორებს, საქართველოში ახლა საკმაოდ სერიოზულად გადაიდგა ნაბიჯები ენერგეტიკული პროექტების განსახორციელებლად. მაგალითად, ელექტროენერგიის შესყიდვის პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმება დიდი ხნის მანძილზე შეჩერებული იყო და არ იდებოდა ასეთი ხელშეკრულებები, რაც ასეთი მსხვილი პროექტების განხორციელება ხელს ძალიან უშლიდა. ახლა საქართველოს მთავრობა მიდის ამ პირდაპირი ხელშეკრულებების გაფორმებაზე, რამაც წესით ხელი უნდა შეუწყოს ინვესტიციების მოზიდვას”, - განაცხადა პაატა ცინცაძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები