მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ინვესტორთა საბჭო 2019 წელს გაწეულ სამუშაოს აფასებს და 4 მთავარ თემას გამოყოფს

5e01ea5a39c0b
შოთა ტყეშელაშვილი
24.12.19 14:50
1115
საქართველოს ინვესტორთა საბჭო განვილი 2019 წელს აფასებს. EBRD-ის მიერ შექმნილი საკონსულტაციო 2020 წელს სამდივნოს ახალი ხელმძღვანელით ხვდება. ეკონომიკის მინისტრის ყოფილი მოადგილე გიორგი ჩერქეზიშვილი სამდივნოში მარიამ მეღვინეთუხუცესის ადგილს დაიკავებს. აღნიშნული ცვლილების შესახებ განცხადება ინვესტორთა საბჭომ დღეს გამოაქვეყნა.

ამასთანავე, ინვესტორთა საბჭომ 2019 წელიც შეაჯამა. ორგანიზაციის მიერ გავრცელებული ინფორმაციის მიხედვით, საბჭო გასული წლის განმავლობაში 4 ძირითადი რეფორმის განხორციელებაში იყო ჩართული.

"2019 წლის განმავლობაში ინვესტორთა საბჭო წარმატებით მუშაობდა შემდეგი კანონმდებლობის დახვეწაზე:

1) მიწის საკუთრების კანონმდებლობა - ინვესტორთა საბჭო პარლამენტის აგრარულ საკითხთა კომიტეტთან და სხვა დაინტერესებულ მხარეებთან (სტეიკჰოლდერებთან) ერთად მუშაობდა სასოფლო-სამეურნეო მიწების შესახებ კანონმდებლობაზე. 2019 წლის 25 ივნისს საქართველოს პარლამენტმა დაამტკიცა ორი საკანონმდებლო ცვლილება, რომელიც სრულად აკმაყოფილებს ინვესტორთა საბჭოს წევრთა რეკომენდაციებს. 

2) გადახდისუუნარობის საქმის წარმოების რეფორმა (გაკოტრების კანონმდებლობა) - საბოლოო საკანონმდებლო პაკეტი პარლამენტს უახლოეს პერიოდში წარედგინება. 

3) კერძო კომპანიების შესახებ საკანონმდებლო ცვლილებები - საქართველოს ინვესტორთა საბჭო ჩართული იყო კანონპროექტზე სხვადასხვა სახის კომენტარების გაკეთებაში, მათ შორის განმარტებითი შენიშვნების გაკეთებაშიც. საკანონმდებლო პროექტი პარლამენტს 2020 წლის დასაწყისში უნდა წარედგინოს. 

4) კანონი საინვესტიციო ფონდების შესახებ - საინვესტიციო ფონდების შესახებ ინვესტორთა საბჭოს სამუშაო ჯგუფი წლის განმავლობაში საქართველოს ეკონომიკის სამინისტროსა და ეროვნულ ბანკთან ერთად კანონპროექტის დახვეწაზე მუშაობდა. საკანონმდებლო ცვლილებების პროექტი 2019 წლის ბოლოს იქნება მზად,"- ნათქვამია დოკუმენტში. 

ცნობისთვის: ინვესტორთა საბჭო ევროპის  რეკონსტრუციის და განვითარების ბანკის ინიციატივით შეიქმნა. საბჭო არის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან არსებული დამოუკიდებელი საკონსულტაციო ორგანო, რომელიც მიზნად ისახავს დიალოგის წარმოებას კერძო სექტორის მეწარმე სუბიექტებს, საერთაშორისო ორგანიზაციებს, დონორებსა და საქართველოს მთავრობას შორის ხელსაყრელი, არადისკრიმინაციული, გამჭვირვალე და სამართლიანი ბიზნეს და საინვესტიციო კლიმატის შესაქმნელად. 

ინვესტორთა საბჭო პასუხისმგებელია, ერთი მხრივ, პრემიერ-მინისტრს, მინისტრებს, მათ დაქვემდებარებაში მყოფი სახელმწიფო უწყებების ხელმძღვანელ პირებსა და, მეორე მხრივ, კერძო სექტორს შორის კონსტრუქციული დიალოგის და აზრთა გაცვლის უზრუნველყოფაზე, რათა გაუმჯობესდეს და სტიმულირებული იქნეს ქვეყანაში ჯანსაღი საინვესტიციო კლიმატი.

გიორგი გახარიას პრემიერ-მინისტრობის პერიოდში, ჯერჯერობით, ინვესტორთა საბჭოს სხდომა საერთოდ არ ჩატარებულა. ის რამდენჯერმე გადაიდო. 

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები