ინვესტორთა საბჭოში ფინანსური შუამავლობის სამუშაო ჯგუფი შეიქმნება.
ამის შესახებ bm.ge-ის ინვესტორთა საბჭოს მდივანმა მარიამ მეღვინეთუხუცესმა განუცხადა.
მისი თქმით, საბჭოს ჩამოყალიბების პროცესი უახლოეს მომავალში დასრულდება.
„ფინანსური შუამავლობის საბჭო იქმნება იმისთვის, რომ საფინანსო სექტორთან დაკავშირებული საკითხები, მათ შორის მაგალითად, რეგულაციებთან დაკავშირებული და სხვა მსგავსი ტიპის პრობლემატიკა ჩვენი მანდატის ნაწილი გახდეს“, - აღნიშნა მეღვინეთუხუცესმა.
მისივე ინფორმაციით, მომავალ კვირას, ინვესტორთა საბჭოს ფორმატში, ეროვნულ ბანკსა და საბანკო სექტორს შორის შეხვედრა იგეგმება, სადაც ფიზიკური პირების დაკრედიტების ახალ წესთან დაკავშირებით იმსჯელებენ.
,,აუცილებელია დიალოგი, უნდა მოვისმინოთ ორივე მხარის პოზიცია და იმედია, შევძლებთ შუამავლის ფუნქცია ავიღოთ. აუცილებელია, ინფორმაციები შეჯერდეს და შემდეგ იქნას გადადგმული ნაბიჯები. დიალოგი ყველაზე მნიშვნელოვანია. პირველ რიგში ჩვენთვის საინტერესოა, რამ უბიძგა ეროვნულ ბანკს მსგავსი რეგულაციების დასანერგად და ამიტომ დიალოგის გამართვა, თუნდაც ჩვენი ეგიდით, შესაძლებელია იყოს სასარგებლო“, - განაცხადა მეღვინეთუხუცესმა.
მისი განაცხადებით, მხოლოდ შეხვედრის და ინფორმაციის შეჯერების შემდეგ იქნება შესაძლებელი, ინვესტორთა საბჭომ გარკვეული რეკომენდაციები გასცეს.
,,შესაძლოა, ეროვნულმა ბანკმაც იმდენად დამაჯერებლად დაიცვას საკუთარი პოზიცია, რომ ჩვენი ჩარევა საჭირო არ გახდეს, ამ სიტუაციაში, მნიშვნელოვანია გავიგოთ, რამ განაპირობა ასე ფორსირებულად მსგავსი რეგულაციების შემოღება,“-განაცხადა მეღვინეთუხუცესმა.