საუდის არაბეთის ხელისუფლებამ ისრაელის მთავრობას მიმართა და გააფრთხილა, რომ იორდანიის დასავლეთ სანაპიროს ანექსია მათთვის წითელი ხაზი იქნება. წითელი ხაზი, რომელსაც მნიშვნელოვანი ეკონომიკური და დიპლომატიური რეაგირება მოჰყვება.
ოფიციალური ელ-რიადის განცხადებას წინ უძღოდა ისრაელის პრემიერ-მინისტრის, ბენიამინ ნეთანიაჰუს განცხადება, რომელმაც პალესტინის სახელმწიფოს ამღიარებელი ქვეყნების ლიდერებს “ტერორიზმისთვის საჩუქრის გამკეთებლები” უწოდა და დასძინა, რომ ისრაელი იორდანიის დასავლეთ სანაპიროზე ებრაული დასახლებების აგებას კიდევ უფრო გაახშირებს.
საუდის არაბეთის მთავრობას არ დაუზუსტებია, თუ რა კონკრეტულ ეკონომიკურ ან პოლიტიკურ ნაბიჯებს გადადგამენ “წითელი ხაზის” გადაკვეთის შემთხვევაში, თუმცა ამის ნაწილი შეიძლება იყოს ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების ნორმალიზაციის შეჩერება და ისრაელისთვის საუდის არაბეთის ცის ჩაკეტვა. შეგახსენებთ, მსგავსი გადაწყვეტილება თურქეთის ხელისუფლებამ უკვე მიიღო.
აღსანიშნავია, რომ ისრაელსა და საუდის არაბეთს შორის ურთიერთობები ბოლო რამდენიმე ათწლეულში განსაკუთრებით დაახლოვდა და ამას მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ამერიკის შეერთებული შტატების ჩართულობამ. ანალიტიკოსების შეფასებით, თუ ისრაელი იორდანიის დასავლეთ სანაპიროს ანექსიას საბოლოოდ დაიწყებს, რისთვისაც არასავალდებულო დოკუმენტი ქნესეთს (ისრაელის პარლამენტს) უკვე მიღებული აქვს, ეს ქვეყანას არამარტო რეგიონულ, არამედ საერთაშორისო იზოლაციაშიც მოაქცევს. როგორც ცნობილია, მსგავსი ნაბიჯის გადადგმის შემთხვევაში, კონკრეტული ნაბიჯების გადადგმის ინიციატივით ის ქვეყნებიც გამოვიდნენ, რომლებიც ისრაელს მრავალი წლის განმავლობაში უჭერდნენ მხარს და მხოლოდ რამდენიმე დღის წინ, გაეროს მე-80 ასამბლეის ფარგლებში მიიღეს პალესტინის სახელმწიფოდ აღიარების გადაწყვეტილება. ამ ქვეყნებში კი დიდი შვიდეულის ლიდერები, დიდი ბრიტანეთი, საფრანგეთი, კანადა და ავსტრალია მოიაზრებიან.




























