მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

„იორლენდი“ ადგილობრივ ბაზარზე მაღალი მოთხოვნის გამო, ექსპორტზე გასვლას არ განიხილავს

იორლენდი

საგარეჯოში, ყანდაურას ტერიტორიაზე მდებარე „იორლენდის“ ორგანული მეურნეობა, რომელიც საქართველოში ერთ-ერთ ყველაზე მრავალპროფილურ ბიოფერმად ყალიბდება, ადგილობრივ ბაზარზე განსაკუთრებულად მაღალი მოთხოვნის პირობებში მუშაობს.

ბიომეურნეობის თანადამფუძნებელი, თამთა კალანდაძე BM.GE-სთან ინტერვიუში ამბობს, რომ ფერმა, რომლის განვითარებაც 2013 წელს დაიწყო, დღეს 25 ჰექტარზეა გაშენებული და ერთდროულად რამდენიმე სამეურნეო მიმართულებას აერთიანებს – მევენახეობას, მებაღეობას, მებოსტნეობას, მეცხოველეობას, მეფრინველეობას, მეთევზეობას და მეფუტკრეობას.

მისი ინფორმაციით, წარმოების სრული პროცესი ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ კონსულტაციის საფუძველზე მიმდინარეობს და მკაცრ ბიო სტანდარტებს მიჰყვება.

“წარმოების მთლიანი პროცესი, ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ კონსულტაციით მიმდინარეობს. 25 ჰა ფართობიდან, 5 ჰა-ზე ხეხილისა და თხილის (ჯამში, 5,000-ზე მეტი) ნერგებია დარგული და 10,000-ზე მეტი ძირი ვაზი - როგორც საღვინე, ისე სასუფრე ჯიშები. ბოსტნეულის ჭრილში ასევე თითქმის ყველანაირი ერთწლიანი კულტურა გვაქვს, ბოსტნეულიდან დაწყებული, გოგრისებრებით დამთავრებული, ასევე გვაქვს მწვანილი, მარცვლოვანი კულტურების მიმართულებით კი, სიმინდი - ქართული ჯიშები.

მეურნეობა ორი წელია კონვერსიის ეტაპს გადის, ანუ ბიოსერთიფიცირების პროცესშია, როგორც ხეხილის, ასევე ვაზისა და ბოსტნეულის მიმართულებით. ინსპექტირებასა და სერტიფიცირებას მასერთიფიცირებელი ორგანო "კავკასსერტი" ახორციელებს”, - აცხადებს კალანდაძე.

„იორლენდი“ პროდუქციას მხოლოდ ადგილობრივ ბაზარზე ყიდის - საკუთარი თბილისის სარეალიზაციო წერტილითა და ელექტრონული კომერციით. “იორლენდის” თანადამფუძნებლის შეფასებით, მოთხოვნა იმდენად მაღალია, რომ ზოგიერთ პროდუქტზე, მათ შორის საზამთროზე, შეკვეთებს წინასწარ იღებენ, რის გამოც კომპანია ექსპორტზე გასვლის საჭიროებას ვერ ხედავს.

გარდა ამისა, თამთა კალანდაძის ინფორმაციით, კომპანია აქტიურად მუშაობს ევროპულ ბაზრებთან ცნობიერების ამაღლების მიმართულებით - მათ შორის არიან გერმანია და საფრანგეთი, რომლებიც მეწარმის განმარტებით, ბიო პროდუქციის წარმოების კუთხით წამყვანი ქვეყნები არიან.

"წელს ჩვენთვის პირველი წელი იყო, როდესაც მოსავალი მივიღეთ, შესაბამისად, გასულ წლებს ვერ შევადარებ წლევანდელ მოსავალს. თუმცა საგულისხმოა, რომ კლიმატურმა პირობებმა სხვა რეგიონებთან შედარებით, ყველაზე ნაკლებად ჩვენ დაგვაზარალა. ამ დროისთვის, მეურნეობა 10 ადამიანს ასაქმებს, სეზონზე კი – 35-მდე", - აღნიშნავს “იორლენდის” თანადამფუძნებელი.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები