მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

"იორლენდი": ქართულ ბაზარზე სათესლე პროდუქტების დიდი დეფიციტია

სათესლე საშუალებები

საქართველოში სათესლე პროდუქტების დეფიციტია. როგორც ბიომეურნეობა „იორლენდის“ თანადამფუძნებელმა თამთა კალანდაძემ BMGTV-ის გადაცემაში „ქალების ნარატივი“ განაცხადა, ბაზარზე სერტიფიცირებული სათესლე პროდუქტის მოპოვება გამოწვევაა, შესაბამისად, სათესლე საშუალებების მოძიება საერთაშორისო ბაზრებზე უწევთ, რაც საბოლოოდ ბიოპროდუქტების ფასზეც აისახება.

მისი თქმით, „იორლენდი“ სათესლე მასალას მხოლოდ სერტიფიცირებული მომწოდებლებისგან ყიდულობს, რადგან სხვა ტიპის თესლის გამოყენება მათ შემთხვევაში დაშვებული არ არის.

„ქართულ ბაზარზე ძალიან დიდი დეფიციტია. ამიტომ, სათესლე საშუალებების შესყიდვა გერმანიიდან, საფრანგეთიდან, ესპანეთიდან და აშშ-დან გვიწევს. ხშირად თვითონვე ჩასვლაც გვიწევს და ჩამოგვაქვს, თუმცა ყველა ფაქტორი, მათ შორის ნედლეულის იმპორტიც, საბოლოო ფასწარმოქმნაზე მოქმედებს და პროდუქტის ფასზეც აისახება“, – განმარტავს კალანდაძე.

მისივე თქმით, სერტიფიცირებული სათესლე მასალა ჩვეულებრივ თესლზე 4–5-ჯერ ძვირია, რაც ბიოწარმოებაში ხარჯებს განსაკუთრებით ზრდის. ანალოგიური გამოწვევაა ბიომოვლის საშუალებებშიც:

„ბიოწარმოებაში ჩვენ არ ვიყენებთ სინთეზურ და ქიმიურ სასუქებს, რაც ხელით მოვლის რაოდენობას რადიკალურად ზრდის. თუ სხვა მეურნეობებში ქიმიური საშუალებებით წამლობა 1–2-ჯერ არის საჭირო, ჩვენთვის ეს 5–6-ჯერ გვიწევს“, – ამბობს ის.

ინფორმაციისთვის, "იორლენდი" ქართული ბიომეურნეობაა, რომელიც საგარეჯოში მდებარეობს და მომხმარებლებს ჯანსაღი და სუფთა ხილისა და ბოსტნეულის ნაირსახეობას სთავაზობს. მეურნეობა 25 ჰა ფართობზე მდინარე იორის სანაპიროზე, ყორუღის ნაკრძალის მეზობლად არის გაშენებული. პროდუქციის რეალიზაციას კომპანია ძირითადად ონლაინ უზრუნველყოფს.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები