საერთაშორისო პრესის ინსტიტუტი (IPI) გმობს იმ ფაქტს, რომ ჟურნალისტი გურამ როგავა არ დაუშვეს სასამართლო პროცესებზე, რომლებიც 2024 წლის ნოემბერში თბილისში საპროტესტო აქციების გაშუქებისას პოლიციელის მხრიდან მის წინააღმდეგ განხორციელებულ თავდასხმას ეხება.
როგორც NEWS.On.ge წერს, მიუხედავად იმისა, რომ როგავას დაზარალებულის სტატუსი ჰქონდა მიენიჭებული, სხდომები დახურულ კარს მიღმა წარიმართა და მას სმენებზე წვდომა შეეზღუდა. ჟურნალისტის თქმით, მას არ მიეცა შესაძლებლობა, სასამართლოსთვის თავდასხმის საკუთარი ვერსია წარედგინა ან მიყენებული ზიანის შესახებ ეცნობებინა.
გურამ როგავა, რომელიც იმ პერიოდში ტელეკომპანია "ფორმულას" ჟურნალისტი იყო, ანტისამთავრობო აქციების გაშუქებისას სასტიკად სცემეს, რის შედეგადაც მან მძიმე დაზიანებები მიიღო და ჰოსპიტალიზაციისა და ხანგრძლივი რეაბილიტაციის გვლა დასჭირდა.
12 ნოემბერს თბილისის საქალაქო სასამართლომ ბრალდებულ პოლიციელს, გურამ კირკიტაძეს, 5 წლით თავისუფლების აღკვეთა და 3 წლით პროფესიული საქმიანობის აკრძალვა მიუსაჯა.
IPI წერს, რომ მიუხედავად ამისა, საქმეზე სერიოზული კითხვები რჩება: როგავა სადავოდ ხდის იმას, რომ პირი, რომელმაც მას ფიზიკურად იძალადა, რეალურად კირკიტაძე იყო, ასევე კითხვის ნიშნები დგას გამოძიების ეფექტიანობასთან დაკავშირებით. აღსანიშნავია, რომ სავარაუდო დამნაშავე მაისში სწორედ თავად როგავასა და "ფორმულას" გუნდის მიერ ჩატარებული ჟურნალისტური გამოძიების შედეგად იდენტიფიცირდა და დააკავეს.
IPI-ის შეფასებით, ეს საქმე კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს საქართველოში ჟურნალისტებზე თავდასხმების ფონზე არსებულ ფართომასშტაბიან დაუსჯელობის პრობლემას, სადაც პოლიციისა და სხვა აქტორების მხრიდან ჩადენილი ძალადობის აბსოლუტური უმრავლესობა დაუსჯელი რჩება. ორგანიზაცია აცხადებს, რომ დაუსჯელობის ციკლის დასარღვევად ყველა დამნაშავემ პასუხი უნდა აგოს და გააგრძელებს სამართლიანობის მოთხოვნას პროფესიული საქმიანობის გამო დაზარალებული ყველა ქართველი ჟურნალისტისთვის.
IPI-ს განცხადება სრულად იხილეთ აქ.





















