"ქვეყანაში ოჯახები ფიზიკურ არსებობაში ხარჯავენ საერთო საოჯახო შემოსავლის ნახევარზე მეტს",- აცხადებენ კომპანიაში.
კვლევის მიხედვით, შემოსავლის 11,4% მოქალაქეებს საცხოვრებელი ბინის/სახლის გადასახადისთვის, 10,9% კი - კომუნალური გადასახადების დასაფარად ესაჭიროებათ.
გამოკითხული რესპონდენტების ოჯახები ყოველთვიური შემოსავლის 8,7%-ს ტრანსპორტირებისთვის მოიხმარენ. მნიშვნელოვანი დანახარჯია ალკოჰოლი და თამბაქო (7,5%), ასევე კომუნიკაციებისა (6,8%) და განათლებისთვის გაღებული ხარჯებიც (6,8%).
აღსანიშნავია, რომ გართობა/დასვენებისთვის რესპონდენტების ოჯახები თვიური შემოსავლის მხოლოდ 2,4%-ს ხარჯავენ.
კაცი ოჯახის მთავარი შემომტანი უფრო ხშირად სოფელში მცხოვრებ ოჯახებშია. საპირისპირო ვითარებაა ქალებთან მიმართებაში. ქალები, ოჯახში მთავარი შემომტანები ორჯერ უფრო ხშირად არიან ქალაქში მცხოვრებ ოჯახებში, ვიდრე სოფელში. მაშინ, როცა საცხოვრებელი ადგილის მიხედვით განსხვავება არ არის შესამჩნევი იმ ოჯახების შემთხვევაში, რომელთა ბიუჯეტზეც ქალისა და კაცის შემოსავალი თანაბრად ნაწილდება. ასეთი ოჯახები ორივე ტიპის დასახლებაში თითქმის ერთნაირად გვხვდება.
კვლევა განხორციელდა საქართველოს მასშტაბით და მასში მონაწილეობა მიიღო 1959-მა რესპონდენტმა.

























