ჩაქვში სარეკრეაციო სივრცის და ახალი იპოდრომის მშენებლობა იგეგმება - ამის შესახებ სახელმწიფო შესყიდვების ეროვნული სააგენტოს ვებგვერდზე გამოქვეყნებული ტენდერიდან ირკვევა. პროექტის ღირებულება 33 მილიონ ლარს შეადგენს და მის ფარგლებში ახალი იპოდრომი, ცხოველების თავშესაფარი და სარეკრეაციო სივრცე მოეწყობა.
პროექტი ბათუმისკენ მიმავალი ავტომაგისტრალის პარალელურ მიწის ნაკვეთზე აშენდება.
ტენდერი ა(ა)იპ საქალაქო ინფრასტრუქტურისა და კეთილმოწყობის სამმართველოს მიერ არის გამოცხადებული და კომპანიებს მასში წინადადებების დაფიქსირება 23 ოქტომბრამდე იქნება შესაძლებელი.
“ტენდერში მონაწილე პრეტენდენტს 2017 წლის 1 იანვრიდან ტენდერის გამოცხადების დღემდე უნდა გააჩნდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (შენობა-ნაგებობების მშენებლობა) სამუშაოების შესრულების გამოცდილება ჯამურად არანაკლებ 40 000 000,00 (ორმოცი მილიონი) ლარის ღირებულებით, მათ შორის ერთი ობიექტი/პროექტი ფარგლებში შესრულებული უნდა ჰქონდეს ტენდერით გათვალისწინებული ანალოგიური ხასიათის, სირთულისა და შინაარსის (შენობა-ნაგებობების მშენებლობა) სამუშაოები საერთო ღირებულებით არანაკლებ 15 000 000 (თხუთმეტი მილიონი) ლარის ოდენობით,”- ნათქვამია სატენდერო პირობებში.