მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

იპოდრომთან ჩოგბურთის კორტების მშენებლობა დაიწყო - როდის დასრულდება ₾5-მილიონიანი პროექტი?

64bf9259e21ad
BM.GE
25.07.23 13:15
1527
საბურთალოს რაიონში, ყოფილი იპოდრომის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩოგბურთის კორტების მშენებლობა დაიწყო. პროექტი 2025 წლისთვის უნდა დასრულდეს. თუმცა, თავდაპირველი გეგმის თანახმად, ის 2023 წელს უნდა დასრულებულიყო. 

თბილისის მერიის ცნობით, პროექტის თანახმად, ტერიტორიაზე იგეგმება სპორტული კომპლექსის მოწყობა, რაც საჩოგბურთო კორტებთან და საცურაო აუზთან ერთად, ფიტნეს-დარბაზს, ასევე სპორტულ-გამაჯანსაღებელი დანიშნულებისა და სპორტულ კომპლექსთან დაკავშირებულ სივრცეებს მოიცავს. მიმდინარე სამუშაოებს დედაქალაქის მერი კახა კალაძე გაეცნო და კომპანიის წარმომადგენელს, ვის მფლობელობაშიც აღნიშნული ტერიტორია არსებობდა, თანამშრომლობისთვის მადლობა გადაუხადა.

„ბახტრიონის ქუჩაზე, წლების წინ არსებობდა ჩოგბურთის კორტები, რომელიც ძალიან დიდი პოპულარობით სარგებლობდა და უამრავი ადამიანი იყენებდა, თუმცა წინა ხელისუფლების დროს აღნიშნული სივრცე გასხვისდა იმისთვის, რომ საცხოვრებელი კორპუსები აეშენებინათ. ტერიტორიის დაბრუნება მოსახლეობის დიდი თხოვნა და ჩვენი საარჩევნო დაპირებაც იყო. ამიტომ, როგორც კი დედაქალაქის მთავრობაში მოვედით, საკითხზე მუშაობა მაშინვე დავიწყეთ. მოხდა ადგილმონაცვლეობა და ტერიტორია მუნიციპალიტეტს დაუბრუნდა. შემდეგ გამოვაცხადეთ ინტერესთა გამოხატვა, რომ პროცესში ბიზნესის წარმომადგენლები ჩართულიყვნენ და განეხორციელებინათ პროექტი, რომლითაც გათვალისწინებული იქნებოდა სამი კორტის მშენებლობა. გარდა ამისა, ტერიტორიაზე მოეწყობა 50-მეტრიანი საცურაო აუზი, განთავსდება დასასვენებელი სივრცეები და საკვები ობიექტი. ჩვენი დაპირება, რომ ჩოგბურთის კორტები თბილისს დაუბრუნდებოდა, შესრულდება. სამუშაოების განხორციელებას, დაახლოებით, 20 თვე დასჭირდება“, - განაცხადა თბილისის მერმა.

ინვესტორი კომპანია, რომელიც ადგილზე 5 მლნ ლარის ინვესტიციას განახორციელებს, შპს “კორტებია”. საჯარო რეესტრის მონაცემებით, შპს “კორტები” 2021 წლის 17 ნოემბერსაა რეგისტრირებული, მისი 100%-იანი წილის მფლობელი კი დავით კოპაძეა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები