მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

„იპოთეკების სუბსიდირებით მთავრობამ გაცილებით მეტი მიიღო, ვიდრე დახარჯა“ - ირაკლი ბურდილაძე

5fedb6a2c48a0
ვიქტორია მღებრიშვილი
31.12.20 16:00
1760
დეველოპერული კომპანია „საქართველოს უძრავი ქონების“ (m2) თანადირექტორის ირაკლი ბურდილაძის შეფასებით, იპოთეკური სესხების სუბსიდირების პროგრამა ეფექტური იყო. ამის შესახებ მან „საქმიან დილასთან“ ინტერვიუში 2020 წლის შეფასებისას განაცხადა.

სამშენებლო კომპანიის ხელმძღვანელის თქმით, 2020 წელი ყველა სექტორისთვის რთული იყო, თუმცა სექტორის დროული რეაგირების და სახელმწიფოს დროული ჩარევით, დეველოპმენტში არსებული მდგომარეობა დასტაბილურდა.

„დეველოპერული სექტორის სტიმულირების პროგრამა, რომელიც მთავრობამ 2020 წელს განახორციელა, ძალიან ეფექტური აღმოჩნდა. თუ მის ფისკალურ ეფექტს დავითვლით, ხელისუფლებამ გაცილებით მეტი მიიღო ვიდრე დახარჯა“, - განაცხადა ბურდილაძემ.

ის მიიჩნევს, რომ სამშენებლო სექტორისთვის 2021 წლის პირველი ნახევარი რთული იქნება და ემხრობა იმ აზრს, რომ სუბდისირების პროგრამა უნდა გაგრძელდეს.

„რთული იქნება უფრო წლის პირველი ნახევარი, მაგრამ ვფიქრობთ, 2021 წლის მეორე ნახევრიდან მდგომარეობა რადიკალურად უნდა გამოსწორდეს. სასურველია, სუბსიდირების პროგრამა 2021 წლის პირველ ნახევარში მაინც გაგრძელდეს“, - ამბობს m2-ის თანადირექტორი.

ირაკლი ბურდილაძის ინფრომაციით, სამშენებლო ბაზრის დიდი წილი მცირე და საშუალო დეველოპერებს უკავიათ და იმისთვის, რომ  ბინებზე ფასები არ დაეცეს, ხელშეწყობაა საჭირო.

„მთავარია, ფასების პანიკური ვარდნა ავირიდოთ თავიდან იმისთვის, რომ ამან წვრილ და საშუალო დეველოპერებს არ დაარტყას. საცხოვრებელი კომპლექსების სეგმენტი ძალიან ფრაგმენტირებულია და დიდ მოთამაშეებს ბაზრის მცირე ნაწილი უკავიათ; დიდი წილი მოდის საშუალო და მცირე ზომის დეველოპერებზე და ამის გათვალისწინებით, მნიშვნელოვანია, რომ მცირე და საშუალო ზომის დეველოპერებს პრობლემები არ შეექმნათ“, - განმარტა ირაკლი ბურდილაძემ.

ცნობისთვის: Colliers International Georgia-ს იპოთეკური სესხების სახელმწიფოს სუბსიდირების პროგრამის მიმოხილვის მიხედვით, სუბსიდირების პროგრამით 1 ივლისიდან 16 ნოემბრის ჩათვლით გაცემული 5 636 სესხის ჯამური მოცულობა, დაახლოებით, 543 მლნ ლარს შეადგენს. პროგრამის ბიუჯეტი 70 მლნ ლარს შეადგენდა და სახელმწიფოს მსესხებლებს 2020 წლის დეკემბრის ბოლომდე გაცემული სესხების პროცენტის 4%-ს 5 წლის განმავლობაში დაუსუბსიდირებდა.