კულტურის ყოფილი მინისტრი და Eastern Promotions-ის თანადამფუძნებელი მიხეილ გიორგაძე კერძო სექტორის იმ წარმომადგენლებს, რომლებიც ამბობენ, რომ ისეთი პროექტის ორგანიზებაში, როგორიც Starring Georgia არის ბიზნესიც უნდა იყოს ჩართული, იდეას სთავაზობს. ამის შესახებ მან BMG tv-ის გადაცემა „წერტილში“ ისაუბრა. მიხეილ გიორგაძე ასეთ კომპანიებს, კონცერტების ორგანიზებაში თანამონაწილეობასთან ერთად, სახელმწიფოს დაფინანსებაზე მყოფი Black Sea Arena-ს მართვაში გადაბარებასაც სთავაზობს და აცხადებს, რომ ეს მარტივი საკითხი არ არის.
საქმე ის არის, რომ 2023 წელს სახელმწიფომ ქვეყნის ცნობადობის გაზრდისა და ტურიზმის განვითარების მიზნით, ქვეყანაში საერთაშორისო არტისტების ჩამოყვანისთვის, პროგრამა Starring Georgia წამოიწყო, რომელიც სახელმწიფო ბიუჯეტიდან 2023-2024 წლებში 70 მლნ ლარით დაფინანსდება. 2024 წლის პროგრამის ფარგლებში Black Sea Arena-ს ადმინისტრაციამ 28 მარტს ვარსკვლავების სია გამოაქვეყნა, რომლებსაც ძირითადად სწორედ Black Sea Arena-ს საკონცერტო სივრცეები უმასპიძლებენ. როგორც გასულ, ისე მიმდინარე წელსაც კერძო სექტორში მიიჩნევენ, რომ ასეთი ღონისძიებების ორგანიზებას ბიზნესიც შეძლებს. თუმცა კულტურის ყოფილი მინისტრი და ქვეყანაში ერთ-ერთი წარმატებული პროექტის Jazz Festival-ის ორგანიზატორი კომპანია Eastern Promotions-ის თანადამფუძნებელი მიიჩნევს, რომ ასეთი შეფასებების და ფრაზების მიღმა შინაარსი იკარგება:
იქნებ რომელიმე მთავრობის წევრი უყურებს ახლა ჩვენს ეთერს, ასეთი იდეა მინდა მივაწოდო - ვინც სურვილს გამოთქვამს, რომ ამ 70 მილიონში მიიღოს მონაწილეობა, წაიღოს, გააკერძოოს Black Sea Arena, აიღოს პასუხისმგებლობა მის შენახვაზე და ეს 70 მილიონის წაიღოს და ჩაატაროს კონცერტები, ოღონდ Black Sea Arena-ც წაიღოს და მიხედოს.
- Black sea arena ძალიან ხარჯიანია...
დიახ და ხარჯის გაღება არ უნდათ, წვალება და შრომა არ უნდათ და 70 მილიონიდან ნაწილი მომეცი არ ვიცი რამდენად სწორი პოზიციაა...
- Eastern Promotions ხელს არ მოკიდებდა Black Sea Arena-ს მართვას, რადგან მე თქვენი პარტნიორებისგანაც მომისმენია, რომ კონცერტების კეთება სახელმწიფოს საქმე არ არის?
ჩემი აზრით, ზოგადი ფრაზების მიღმა შინაარსს ვკარგავთ. ფრაზა - კონცერტების კეთება სახელმწიფოს საქმე არ არის ჩემთვის არაფერს ნიშნავს. არც სპექტაკლების კეთებაა სახელმწიფოს საქმე და რატომ არის თეატრები სახელმწიფო სსიპ-ები?!
- მახსოვს თქვენი მინისტრობის პერიოდში ამბობდით, რომ სხვა მოტივაცია უნდა გაჩნდეს იმისთვის რომ თეატრებს დამატებითი დაფინანსების მოზიდვა მოუნდეთ, Black Sea Arena-საც შეიძლება ასე შევხედოთ, თუ მათ გარანტირებული 70 მილიონი აქვთ...
ძალიან ბევრი მაგალითი და სქემაა როგორ მუშაობს სახელმწიფოს და კერძო სექტორის ურთიერთობა მთელ მსოფლიოში, სანახავია რა არის ჩვენი სპეციფიკიდან გამომდინარე მისაღები, ძალიან შორს ვარ იმ აზრისგან რომ დღეს ყველაფერი იდეალურადაა...
- თქვენი მინისტრობის პერიოდში Check in Georgia ხომ კერძო სექტორმა ჩაატარა?
არა, ეს იყო კულტურის განვითარების ფონდი და მაშინვე ვთქვი, რომ მოვდიოდი ჩემს გუნდთან ერთად ვისაც ამხელა პროექტების კეთების გამოცდილება ჰქონდა და ამ სსიპ-ის ფარგლებში და კერძო სექტორის გამოცდილებით, თუმცა Eastern Promotions-ს არც ერთი თეთრი არ მიუღია.
- რა გასწავლათ კულტურის მინისტრობამ?
ის, რაც 2 წუთის წინ აღვნიშნე, ძალიან ადვილია ჰაერში ზოგადი ფრაზების სროლა, ძალიან ბევრი რამ ითქვა და ფანტასმაგორიული ბრალდებებიც მოვისმინე მაშინ, როდესაც კულტურის მინისტრი ვიყავი, მაგრამ ამ ზოგადი ფრაზების მიღმა ძალიან კონკრეტული ამოცანები იმალება, რომელიც ქვეყანას აქვს გადასაჭრელი და ამისთვის კონკრეტული გზები არსებობს, სადაც იმდენად თავისუფალი და მოქნილი არ ხარ, ეს არ არის ვინმეს ბრალი, უბრალოდ სახელმწიფოა ასე აწყობილი, აქ არის თავის წესები, მაკონტროლებელი მექანიზმები... სახელმწიფო ბიუროკრატიაა, რამდენად ეფექტიანი ეს სხვა საკითხია, მაგრამ ბიუროკრატიის არ ქონა შეუძლებელია....
- საერთაშორისო პრაქტიკის გათვალისწინებით, იქ სადაც სუბსიდირებული კონცერტები ტარდება, მთავარი რგოლი მაინც სახელმწიფოა, და მაინც ვეძებთ კერძო სექტორს, რომელიც ხარჯს უფრო კარგად დაითვლის...
არ მესმის კერძო სექტორში ვინმე უკეთესად ითვლიდეს ხარჯს, ვიდრე რომელიმე სახელმწიფო შპს-ში...
- რადგან სახელმწიფოს შემთხვევაში ეს გარანტირებული ფულია, რომელიც შეიძლება უფრო თამამად ხარჯონ..
მაშინ ყველაფერი, რასაც სახელმწიფო აფინანსებს კითხვის ნიშნის ქვეშ უნდა დავაყენოთ, როდესაც ამ თემებზე ვმსჯელობთ კონკრეტული ქეისი ავიღოთ და მასზე ვილაპარაკოთ და არა ვისროლოთ ასეთი ფრაზები - კონცერტები სახელმწიფოს საქმეა თუ არა.