სასტუმროების მმართველი კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტის მაია წერეთელი იმედოვნებს, რომ წლევანდელი ზაფხულის ტურისტული სეზონი წარმატებული იქნება.
ამის შესახებ მან BMGTV-ის გადაცემა „წერტილში“ ტურიზმის ინდუსტრიაში არსებულ მოლოდინებზე საუბრისას განაცხადა.
„იმედი მაქვს, შავი ზღვისპირეთისთვის და ასევე იმ საკურორტო მიმართულებებისთვის რომელიც საქართველოს აქვს, იქნება ეს საირმე თუ ღვინის ტურიზმის რეგიონები, წარმატებული სეზონი იქნება, რადგან შარშანდელი სეზონი არც თუ ისე გამოირჩეოდა დატვირთულობით, ამიტომ იქნებ, ეს სეზონი არ ჩავარდეს, რადგან მოგეხსენებათ, covid-პანდემიამ როგორი გავლენა იქონია ტურიზმის სექტორზე“, - განაცხადა მაია წერეთელმა.
McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტმა „წერტილთან“ ინტერვიუში იმ ახალ პროექტებზეც ისაუბრა, რომელზედაც მუშაობენ.
„მუდმივად გვაქვს მშენებარე სასტუმროები; აღსანიშნავია, რომ ბრენდები შემოდის არა მხოლოდ თბილისში, არამედ რეგიონებშიც. მაგალითად: გურჯაანში შემოდის Doubletree by Hilton Gurjaani - სასტუმრო მშენებლობის ეტაპზეა; Hilton Garden Inn Surami, რომელიც ასევე მშენებლობის ეტაპზე; გარდა ამისა, კარგი პროექტები გვაქვს ბათუმშიც - მომავალ წლის ზაფხულში ვაპირებთ Marriott Batumi-ს გახსნას; ახლა იხსნება ბათუმში კიდევ ერთი ბუტიკ სასტუმრო „ეპიგრაფი“, რომელიც იმედია, დატვირთული იქნება“, - განაცხადა მაია წერეთელმა.
სასტუმროების მმართველი კომპანია McInerney Hospitality International-ის ვიცე-პრეზიდენტის თქმით, საქართველოს ტურისტული პოტენციალის ცნობადობის გაზრდისთვის მნიშვნელოვანია უფრო მეტი მარკეტინგული აქტივობაზე, რაზედაც რამდენიმე კვირის წინ ეკონომიკის მინისტრთან შეხვედრაზე ტურიზმის ინდუსტრიამაც ისაუბრა.
„საქართველოს ცნობადობა ჯერ კიდევ არაა იმ დონეზე ევროპის ბაზრებზე, რომ მათ დაფიქრების გარეშე ჩააწყონ ბარგი და ჩამოვიდნენ დასასვენებლად. ცოდვა გამხელილი სჯობს - ზოგიერთ ადგილას არც ისეთი ინფრასტრუქტურა გვაქვს, რომ მოთხოვნას პასუხობდეს, ამიტომ მარკეტინგული კამპანიები უმნიშვნელოვანესია და აუცილებლად უნდა განხორციელდეს, თუმცა უფრო მნიშვნელოვანია, რასაც ვპირდებით ტურისტს, ის დავახვედროთ, რადგან თუ რაღაცას კარგად შევფუთავთ და ადგილზე ჩამოსულ ტურისტს იმ ხარისხს ვერ დავახვედრებთ, ეს გამოიწვევს იმედგაცრუებას“, - განაცხადა მაია წერეთელმა.