მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი ასლანიშვილი: ოფშორი ჩვეულებრივი ზონაა, რომელიც ეკონომიკური ზონისგან არაფრით განსხვავდება

573465993e464
BM.GE
12.05.16 15:11
1740
საქართველოს ბიზნეს ასოციაციამ განცხადება გაავრცელა, რომელშიც აღნიშნულია, რომ ასოციაცია ბოლო პერიოდის განმავლობაში იმ პროცესებს აქტიურად აკვირდება, რაც ცალკეული ბიზნესმენების, ბიზნესის ცალკეული დარგებისა თუ ცალკეული ბიზნეს და საინვესტიციო პროექტების წინააღმდეგ არის მიმართული და ხშირ შემთხვევაში კამპანიურ ხასიათს ატარებს.

განცხადების თანახმად, ბოლო თვეების განმავლობაში ცალკეული კომპანიებისა და ბიზნესმენების მიმართ მათ მფლობელობაში არსებული ოფშორული კომპანიების გამო ერთგვარი ბრალდების ტონით გაკეთებული განცხადებები განსაკუთრებით აქტუალური გახდა. რა საფრთხეები არსებობს და რატომ დასჭირდა ბიზნეს ასოციაციას მსგავსი განცხადების გავრცელება, - თემაზე "ბიზნესკონტაქტთან" საქართველოს ბიზნეს ასოციაციის აღმასრულებელი დირექტორი ირაკლი ასლანიშვილი საუბრობს.

- ბატონო ირაკლი, ასოციაციის განცხადების შინაარსი ძირითადად რომელ ქეისებს ეყრდნობა?

- უპირველესად, აღვნიშნავ, რომ საქართველოს ბიზნეს ასოციაცია წარსულში, ახლაც და მომავალშიც ყოველთვის გააკეთებს რეაგირებას, როდესაც საკითხი ბიზნესგარემოს გაუმჯობესებას შეეხება ან იმ საფრთხეებს, რომელიც ბიზნესს ფუნქციონირებაში პრობლემას შეუქმნის.

ბოლო პერიოდში ჩვენ დავინახეთ გარკვეული ტიპის ჯგუფების აქტიურობა, რომლებიც მიზანმიმართულად ახდენენ რაღაც ბრალდების ტონით გარკვეული აზრის ჩამოყალიბებას ოფშორული კომპანიების საქმიანობის შესახებ.

მინდა განვმარტო, რომ როგორც ასეთი ოფშორული კომპანიების ისტორია ХХ საუკუნის მეორე ნახევრიდან მომდინარეობს და არაფერი განსაკუთრებული ამაში არაა. ეს ერთი ჩვეულებრივი ზონაა, რომელიც ეკონომიკური ზონისგან არაფრით განსხვავდება, სადაც გარკვეული ტიპის შეღავათები არსებობს: მოგების გადასახადი, ქონების გადასახადი და ა.შ. მსგავსი შეღავათები ასეთ ზონებში არსებობს.

ისეთი მსოფლიო გიგანტები, როგორიც არიან ვთქვათ ამერიკული Microsoft და General Motors იყენებენ მას. ბუნებრივია, რომ წინასაარჩევნო პერიოდში გარკვეულ საკითხებზე აპელირება ხდება. ეს საარჩევნო პერიოდი არაფრით განსხვავდება წინა საარჩევნო პერიოდებისგან, თუმცა აქ არის სწორედ ასოციაციის და ბიზნეს გაერთიანების როლი, რომ საზოგადოებას სწორი ინფორმაცია მივაწოდოთ, სწორი წარმოდგენა შევუქმნათ რამდენად მნიშვნელოვანია სტაბილურობა და ის გარანტიები, რომელიც ბიზნესს და ბიზნეს სუბიექტს აფიქრებინებს და აწყვეტინებს კონკრეტულ ქვეყანაში ინვესტირება განახორციელოს. ეს ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანია.

- ამ ყველაფერმა რა გავლენა შეიძლება იქონიოს იგივე ინვესტორის განწყობაზე, რომელიც დაინტერესებულია, რომ საკუთარი საქმე ჩვენს ქვეყანაში აწარმოოს?

- ნებისმიერი დაუფიქრებელი განცხადება კონკრეტული საგნობრივი დისკუსიის გარეშე ეს შეეხება ოფშორული კომპანიების მიერ წარმოებულ ოპერაციებს, თუ რაიმე მსხვილი პროექტის განხორციელებას, რა თქმა უნდა, გავლენას ახდენს. ჩვენ გვახსოვს წინა პერიოდი, როდესაც გარკვეული ჯგუფები ანტისაბანკო ისტერიით კურსის ცვალებადობით გამოწვეულ თემებზე აპელირებას ახდენდნენ. გვახსოვს ასევე საბანკო ზედამხედველობასთან დაკავშირებული განცხადებები, როდესაც ერთ-ერთმა ორგანიზაციამ ამასთან დაკავშირებით ხმამაღლა განაცხადა, რომ ეს მთლიანობაში ეკონომიკისთვის დამაზიანებელი იქნებოდა. იმ ფონზე, როდესაც EBRD ზრდის ეკონომიკური პროგნოზის მაჩვენებელს, როგორც ამ წელს, ასევე მომავალ წელს, როდესაც ვხედავთ, რომ მეტნაკლები პოზიტიური სიგნალები არის ამ ქვეყანაში ძალიან მნიშვნელოვანია, რომ სიფრთხილე გამოვიჩინოთ. კონკრეტულად ოფშორზე თუ ვისაუბრებთ, რაღაც ტალღის აგორება არანაირად არ არის მიზანშეწონილი.

კონკურენცია თავად ოფშორულ კომპანიებს შორის საკმაოდ მაღალია. ნებისმიერი სახელმწიფო ცდილობს ისეთი სტიმულები შემოიტანოს ქვეყანაში, რომ კონკრეტული ინვესტორი წაახალისოს, რათა კაპიტალის შემოდინებას შეუწყოს ხელი. ერთ-ერთი ასეთ რეფორმა, რომელსაც ხელისუფლება ახლა ატარებს და რასაც ჩვენ მივესალმებით, ეს არის მოგების გადასახადის რეფორმა. ჩვენ ამაზე აქტიურად ვმუშაობდით და მნიშვნელოვანია, რომ რეფორმა პარლამენტში უკვე გასულია, პარლამენტს მეორე კენჭისყრით მიღებული აქვს და ექვსი თვით ადრე ამუშავდება თუ გვიან ამას უკვე პრინციპული მნიშვნელობა აღარ აქვს. მთავარია, რომ რეფორმა უკვე პირველი იანვრიდან ძალაში შედის.

- ბევრმა ბიზნესმენმა პრივატულ საუბრებში უკმაყოფილება გამოთქვა იმის გამო, რომ პროცესებმა დროში გადაიწია და მათ ამ ყველაფრის მიზეზი ვერ დაინახეს. ერთ-ერთი ასეთი გახლდათ თემურ ჭყონია...   

- მე სამწუხაროდ, ბატონი თემურის განცხადება არ მომისმენია, მაგრამ მთლიანობაში რას ეყრდნობოდა ამ ვადის გადაწევა შემიძლია გითხრათ. ეს არის ის რამდენიმე შეუთანხმებელი საკითხი, რომელიც პროცესუალურ საკითხებთან იყო დაკავშირებული, რომელიც საგადასახადო კოდექსში შესაბამისი ცვლილებების შეტანას და დროს საჭიროებდა. აქედან გამომდინარე, ამ კანონპროექტის ამუშავება პირველი ივლისიდან იმ გარკვეულ რისკებს შექმნიდა, რომელიც საბოლოო ჯამში ახალი პარლამენტის არჩევამდე გარკვეულ უხერხულობებს დატოვებდა და საბოლოო ჯამში შეიძლება უფრო მეტი და ძვირი დაჯდომოდა ბიზნესს, ვიდრე ამ თარიღის გადაწევა. ამაზე ძალიან ბევრი ვისაუბრეთ და ვფიქრობ. მნიშვნელოვანია, რომ კანონპროექტი პარლამენტში შესულია, დამტკიცებულიც არის და პირველი იანვრიდან ამუშავდება.

- დატა ცენტრთან და ბიტკოინის საპროცესინგო ცენტრთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ერთ-ერთი პოლიტიკური პარტიის მხრიდან თქვენი აზრით, იყო თუ არა არგუმენტებს მოკლებული?

- ეს სწორედ ერთ-ერთი თემა და ჩვენი განცხადების საფუძველიცაა, რომ მსგავსი განცხადებები, რომლებიც კონკრეტულ პროექტებთან არის დაკავშირებული გამართლებული არ არის და ეს ზოგადად ბიზნესს და საინვესტიციო გარემოს საფრთხეს უქმნის.

უცხოელი პოტენციური ინვესტორი ქვეყანას თუ თუ მას არ აქვს საბაზისოდ ძლიერი ბიზნესები და კონკრეტული ჩამოყალიბებული სტრუქტურები განიხილავს, როგორც სტარტაპს. ამიტომ ძალიან მნიშვნელოვანია ქვეყანაში იმ ბიზნეს გაერთიანებებს და ბიზნეს სუბიექტებს, რომლებიც ფუნქციონირებენ, მეტი სტაბილურობა შევუქმნათ, რომ დამატებითი ინვესტიციების მოზიდვის თვალსაზრისით ამ კომპანიებს პრობლემები არ შეექმნეს და მთლიანობაში ის შედეგი მივიღოთ, რომლისთვისაც ყველა ერთად ვიღვწით, რომ მაღალი ეკონომიკური ზრდა, პროგნოზირებული გარემო და სტაბილურობა გვქონდეს. სწორედ ეს იყო ჩვენი განცხადების ძირითადი მოტივი. ჩენ ვცდილობდით და მომავალშიც ამის გაკეთებას ვეცდებით, რომ ყოველთვის ხაზი გავუსვათ ბიზნეს გარემოს სტაბილურობის აუცილებლობას.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები