"ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები და მაქსიმალურად დავიცავთ ორივე ლეგიტიმურ ინტერესს - ქვეყნის სუვერენიტეტს და მოქალაქეთა ეკონომიკურ კეთილდღეობას", - ასე გამოეხმაურა საქართველოს პრემიერ-მინისტრის მრჩეველი სტრატეგიული კომუნიკაციის საკითხებში ირაკლი ჩიქოვანი რუსეთის პრეზიდენტის ვლადიმერ პუტინის მიერ საქართველოსთან მიმართებაში მიღებულ გადაწყვეტილებას.
"პასუხისმგებლობის მქონე მთავრობის ყოველდღიური ზრუნვის საგანია სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ჩვენი მოქალაქეების კეთილდღეობის დაცვა. უკანასკნელ პერიოდში განვითარებული მოვლენები ცხადყოფს, რომ რადიკალური პოლიტიკური დღის წესრიგი, როგორც სახელმწიფოთაშორისი, ისე ქვეყნის შიგნით, თანაბრად აზიანებს ორივე ინტერესს.
მიუხედავად ემოციური ფონისა, ჩვენ არ გავხდებით ამ დღის წესრიგის მძევალი, ვიქნებით მაქსიმალურად პრინციპულები და მაქსიმალურად დავიცავთ ორივე ლეგიტიმურ ინტერესს - ქვეყნის სუვერენიტეტს და მოქალაქეთა ეკონომიკურ კეთილდღეობას", - განაცხადა ირაკლი ჩიქოვანმა.
შეგახსენებთ, რომ რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტმა ვლადიმირ პუტინმა საქართველოში ფრენები აკრძალა. შესაბამისი დადგენილება კრემლის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
პუტინის ბრძანების მიხედვით, რუსულ ავიაკომპანიებს საქართველოსა და რუსეთს შორის ავიამიმოსვლის განხორციელება 2019 წლის 8 ივლისიდან აეკრძალებათ.
კრემლი ასევე აძლევს რეკომენდაციას ტუროპერატორებს, შეაჩერონ აღნიშნული პერიოდიდან საქართველოში მომსახურების გაწევა.
რუსეთის ფედერაციის პრეზიდენტის განმარტებით, ამ შეზღუდვის მიზანი რუსეთის ეროვნული ინტერესებისა და რუსეთის მოქალაქეების უსაფრთხოების დაცვაა.

























