მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი ღარიბაშვილი: "მოდით, ყველამ ვაღიაროთ რომ ბიზნესი ხელშეუხებელია"

5c7eb7ad785a1
თელარა გელანტია
05.03.19 21:52
2425
პარტია „ქართული ოცნების“ ახალი პოლიტიკური მდივნის და ექსპრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის შეფასებით, საქართველოში ბიზნესი ხელშეუხებელია.

ამის შესახებ მან tv “პირველზე“ ინგა გრიგოლიას გადაცემა „რეაქციაში“ სტუმრობისას მამუკა ხაზარაძის საქმის კომენტირებისას განაცხადა.

„სამი მთავარი მონაპოვარი ჩვენი ხელისუფლების არის თავისუფლება, თავისუფლება და თავისუფლება. თავისუფლებაში ვგულისხმობ ყველაფერს - 1 ოქტომბრის მონაპოვარი არის თავისუფლება. თავისუფლება მოიპოვა ბიზნესმა. თუ რაღაც მილიონში, არ ვიცი, ერთ ან ორ შემთხვევას დამისახელებთ და ამაზე გინდათ ვისაუბროთ და აქედან დავასკვნათ, რომ რაღაც პრობლემები გვაქვს.... არ ვიცი რა პრობლემებია..“, - განაცხადა ღარიბაშვილმა და დასძინა, რომ „ბატონი ივანიშვილის ხელწერა, მისი მთავარი მიდგომა ბიზნესის მიმართ და მისი დავალება ხელისუფლების ყველა წარმომადგენლის მიმართ იყო შემდეგი, რომ ბიზნესი უნდა იყოს ხელშეუხებელი ამ ქვეყანაში.
„მოდით, ყველამ ვაღიაროთ რომ ბიზნესი არის ხელშეუხებელი“, - განაცხადა მან.

ინგა გრიგოლიას რეპლიკაზე - „რანაირად?“, ექსპრემიერმა ასე უპასუხა:

„როგორ რანაირად?! დღეს ბიზინესი არის აბსოლუტურად თავისუფალი. არ ვიცი მამუკა ხაზარაძის კონკრეტული საქმე, რომელიც სისხლის სამართლის საქმეა, როგორც ამბობს პროკურატურა, ეს მათი გასარკვევია; ეს ჩემი სამსჯელო არაა. ჩემი როგორც პოლიტიკური მდივნის გასარჩევი საკითხი ეს არაა. ესაა გამოძიების კომპეტენცია და მჯერა, გამოძიება საზოგადოებას ამომწურავ ინფორმაციას მიაწვდის“, - აღნიშნა ირაკლი ღარიბაშვილმა.

ამასთან, ყოფილი პრემიერის თქმით, მას არ აქვს საფუძველი დაიჯეროს, რომ მამუკა ხაზარაძეს მუქარის წერილს შს მინისტრი გიორგი გახარია უგზავნიდა.

„არ მაქვს საფუძველი დავიჯერო; რატომ უნდა დავიჯერო? ამას სჭირდება ფაქტები. მე მახსოვს, რა იყო ბიძინა ივანიშვილის დავალება - დაეხმარეთ ყველა ბიზნესს. პრობლემა არ შეუქმნას, არავინ გაბედოს. მე პირადად ბატონ ხაზარაძეს გავყევი ლონდონში, როცა „თიბისის“ აქციების გატანა მოხდა ანუ ჩვენ და პირადად ბატონი ივანიშვილი მაქსიმალურად ეხმარებოდა და ეხმარება ყველა ბიზნესმენს“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები