მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი ღარიბაშვილი Salesforce-ის პრეზიდენტს შეხვდა - რაზე ისაუბრეს შეხვედრაზე

628c7b0037e49
ვიქტორია მღებრიშვილი
24.05.22 10:25
837
საქართველოში ინფორმაციული ტექნოლოგიებისა და მომსახურების მიწოდების ცენტრის გახსნის შესაძლებლობა და ქვეყანაში არსებული ხელსაყრელი საინვესტიციო გარემო იყო საქართველოს პრემიერ-მინისტრ ირაკლი ღარიბაშვილისა და კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტის ემი ვივერის შეხვედრის მთავარი განსახილველი საკითხები. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მათი ცნობით, შეხვედრაზე, რომელიც პრემიერ-მინისტრის დავოსში ვიზიტის ფარგლებში გაიმართა, საქართველოში არსებული ხელსაყრელი ბიზნესგარემო და სამომავლო თანამშრომლობის პერსპექტივები მიმოიხილეს.

მთავრობის მეთაურმა Salesforce-ის აღმასრულებელი დირექტორი ქვეყანაში არსებული ბიზნესგარემოს გასაცნობად საქართველოში მიიწვია.

აღინიშნა, რომ საქართველო არაერთი გავლენიანი საერთაშორისო ანალიტიკური ორგანიზაციის რეიტინგებში მოწინავე ადგილს იკავებს და საქართველოს მთავრობის სწორი პოლიტიკის შედეგად, პოსტპანდემიურ პერიოდში ეკონომიკამ სწრაფი ტემპებით დაიწყო აღდგენა.

პრემიერ-მინისტრის თქმით, საქართველოს აქვს თავისუფალი ვაჭრობის შეთანხმება ევროკავშირთან, ჩინეთთან და რეგიონის სხვა ქვეყნებთან, რაც საქართველოს არაერთ მსხვილ ბაზარზე თავისუფალი წვდომის საშუალებას აძლევს.

ირაკლი ღარიბაშვილი- კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტს საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულებით გლობალურ და რეგიონულ მულტიფუნქციურ ჰაბად ტრანსფორმაციაზე ვესაუბრე

Salesforce-ის პრეზიდენტთან შეხვედრას პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი სოციალურ ქსელ “ტვიტერში” გამოეხმაურა.

“შეხვედრა გავმართე კომპანია Salesforce-ის პრეზიდენტ ემი ვივერთან. ვისაუბრეთ ახალგაზრდა, პროფესიონალური და კონკურენტული ადამიანური კაპიტალის მქონე საქართველოს ტექნოლოგიური და ინოვაციური მიმართულებით გლობალურ და რეგიონულ მულტიფუნქციურ ჰაბად ტრანსფორმაციაზე”, - წერს პრემიერ-მინისტრი “ტვიტერში”.

ცნობისთვის: Salesforce უმსხვილესი კომპიუტერული პროგრამული უზრუნველყოფის კომპანიაა, რომელიც მომხმარებელთან ურთიერთობის მართვის პროგრამულ უზრუნველყოფაზე მუშაობს. კომპანია ოპერირებს აშშ-ში, კანადაში, საფრანგეთში, გერმანიაში, ბელგიაში, ფინეთში, დიდ ბრიტანეთში, ბრაზილიაში, მექსიკაში, ისრაელში, ჩინეთში, იაპონიასა და იტალიაში, სათაო ოფისი კი კალიფორნიაში, სან-ფრანცისკოში მდებარეობს. კომპანიის შემოსავალმა გასულ წელს 26 მლრდ დოლარს გადააჭარბა.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები