პოლიტიკიდან წასული ირაკლი ღარიბაშვილი საკუთარ თავს კერძო სექტორში ხედავს.
„მომავალ საქმიანობაზე კონკრეტული პასუხი არ მაქვს, მაგრამ საზოგადოება გაიგებს. ძირითადად, ეს იქნება კერძო სექტორში საქმიანობა... შევეცდები, ამ პოზიციიდან მივიღო მონაწილეობა ჩვენი ქვეყნის ეკონომიკურ განვითარებაში და ამის თაობაზე მოგვიანებით გექნებათ სიახლეები“, - განაცხადა ირაკლი ღარიბაშვილმა პარტიაში გამართულ ბრიფინგზე.
რაც შეეხება პოლიტიკაში კიდევ ერთხელ დაბრუნების ალბათობას, ყოფილმა პრემიერმა თქვა, რომ თავისი მისია შეასრულა და დღეს პოლიტიკაში საკუთარ თავს ვერ ხედავს, თუმცა გამორიცხული არაფერია.
„გამორიცხული არაფერია, რა თქმა უნდა, მაგრამ ჩემი ამჟამინდელი მთავარი მოტივაციაა, გავიდე პოლიტიკიდან. მეტი დრო დავუთმო ჩემს ოჯახს და დანარჩენს ცხოვრება გვაჩვენებს“, - აღნიშნა მან.
ვინ ჩაანაცვლებს ირაკლი ღარიბაშვილს პარტიის თავმჯდომარის პოსტზე, ჯერჯერობით, უცნობია. „ახალი თავმჯდომარე ვინ იქნება, მოგვიანებით გახდება ცნობილი“, - თქვა მან.




























