მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი ხერგიანი საქართველოდან FIDIC-ის ხელმძღვანელობს საბჭოს პირველი წევრი გახდა

ირაკლი ხერგიანი

საქართველოს კონსულტანტ ინჟინერთა ასოციაციის (ACEG) პრეზიდენტი და Intelligent Solution LLC-ის პარტნიორი ირაკლი ხერგიანი, 39 წლის ასაკში, "კონსულტანტ ინჟინრების საერთაშორისო ფედერაციის" (FIDIC) ხელმძღვანელობის საბჭოს ყველაზე ახალგაზრდა, საქართველოდან კი პირველი, წევრი გახდა.

FIDIC-ის საქმიანობაზე, ხელმძღვანელობის საბჭოს წევრად არჩევასა და პოტენციურ შედეგებზე, რომლებსაც ეს თანამშრომლობა საქართველოს მოუტანს, BM.GE თავად ირაკლი ხერგიანს ესაუბრა.

"FIDIC - კონსულტანტ ინჟინრების საერთაშორისო ფედერაცია - მსოფლიოს ყველა ქვეყნის ინჟინერ-კონსულტანტთა ასოციაციების გაერთიანებაა, რომელიც დღეს მსოფლიოს ყველა რეგიონიდან ასზე მეტ ეროვნულ ასოციაციას აერთიანებს. FIDIC ადგენს სტანდარტებს სამშენებლო და საკონსულტაციო სფეროში და ხელს უწყობს საუკეთესო პრაქტიკის გავრცელებას საერთაშორისო მასშტაბით.

FIDIC-ის ერთ-ერთი ყველაზე ცნობილი მიღწევაა სტანდარტული კონტრაქტების კრებული, რომელიც სამშენებლო კონტრაქტების გლობალურ სტანდარტად იქცა. ფართოდ გამოიყენება სახელმწიფოების, საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტების (როგორიცაა მსოფლიო ბანკი, აზიის განვითარების ბანკი და სხვა) და კერძო ინვესტორების მიერ, რადგან FIDIC-ის წიგნები ადგენს პროგნოზირებად და პროცედურულად გამართულ წესებსა და უზრუნველყოფს რისკების სამართლიან განაწილებას", - განმარტავს ირაკლი ხერგიანი.

ორგანიზაციას ხელმძღვანელობს საბჭო, რომელიც განსაზღვრავს მის სტრატეგიულ პოლიტიკას და უზრუნველყოფს, რომ ორგანიზაცია დარჩეს ერთგული მშენებლობის სფეროში, გამჭვირვალობისა და სამართლიანობის პრინციპების მიმართ. საბჭო 8 ადამიანისგან შედგება, რომლებიც მთელი მსოფლიოდან ირჩევა. კანდიდატებს ეროვნული ასოციაციები აყენებენ, არჩევნებში კი მსოფლიოს 110-მდე ქვეყანა მონაწილეობს.

"აღნიშნულ არჩევნებზე იყო ოთხი თავისუფალი ადგილი. ერთი პერიოდი კი ოთხწლიან ვადას მოიცავს. მთელი მსოფლიოდან ყველა ასოციაცია აძლევს ხმას. ამ ეტაპზე, საბჭოს რვა წევრიდან იყო ოთხი ვაკანტური პოზიცია და ამ ოთხ პოზიციაზე მთელი მსოფლიო მასშტაბით 12 კანდიდატი იყო წარდგენილი. მათ შორის, საბედნიეროდ, შევძელით გამარჯვება 52 ხმით.

ასეთი პატარა ქვეყნიდან არასდროს არავინ ყოფილა საბჭოს წევრი, მით უმეტეს, რომ გახლავართ ყველაზე ახალგაზრდა წევრი აღნიშნულ სფეროში. ამ გადაწყვეტილებით დაფასდა ქართული საინჟინრო მოღვაწეობა. რა თქმა უნდა, მოხდება ქართული საინჟინრო პოტენციალის გაცნობა მთელი მსოფლიოსთვის, იმიტომ, რომ აღნიშნულ ორგანიზაციაში ქართული ასოციაციის წარმომადგენლის დანიშვნა საკმაოდ დიდ ძალისხმევას მოითხოვს. ეს იმას ნიშნავს, რომ ქართული საინჟინრო სფერო წარმოდგენილი იქნება, როგორც ერთ-ერთი წამყვანი, რომელიც განსაზღვრავს სამომავლოდ საინჟინრო საკონსულტაციო სტანდარტებს, სამშენებლო სფეროში სახელშეკრულებო პირობების, სამშენებლო სტანდარტების მართვას და პოლიტიკას. რა თქმა უნდა, ამით ხდება ქართველი ინჟინრების, კონსულტანტების წარმოჩენა მთელი მსოფლიოს მასშტაბით", - ამბობს ირაკლი ხერგიანი.

საქართველოს კონსულტანტ ინჟინერთა ასოციაციის პრეზიდენტი ასევე აღნიშნავს, რომ FIDIC-ის საბჭოში საქართველოს წარმომადგენლობის არჩევა ქვეყანაში საინვესტიციო კლიმატს გააუმჯობესებს.

"FIDIC-ის წევრობა არის ერთ-ერთი წინაპირობა იმისთვის, რომ უცხოური ინვესტიციები იქნეს მოზიდული. რადგან აღნიშნული ხელშეკრულების ფორმაში არის გათვლილი ზუსტად, თუ რა რისკები აქვს დამკვეთს თუ კონტრაქტორს, ეს რისკები არის საკმაოდ დაბალანსებული. ნებისმიერი საინვესტიციო, საერთაშორისო პროექტი ხორციელდება აღნიშნული ტიპის ხელშეკრულებებით.

ნებისმიერი ინვესტორი უყურებს, თუ ვინ არის საბჭოში და რომელი ქვეყნიდან არის წარმოდგენილი. ეს, რა თქმა უნდა, მატებს თავდაჯერებულობას იმისთვის, რომ ინვესტიცია განახორციელოს, აჩვენებს, რომ საქართველოში ესმით აღნიშნული ტიპის ხელშეკრულებები, აქვთ გამოცდილება და ქვეყანაში შეიძლება, უფრო მარტივად, უფრო დაცულად შემოვიდეს უცხოური ინვესტიცია", - ამბობს ირაკლი ხერგიანი.

FIDIC - Fédération Internationale Des Ingénieurs-Conseils - წარმოადგენს ერთ-ერთ ყველაზე გავლენიან ორგანიზაციას მშენებლობისა და საინჟინრო სფეროში. იგი დაფუძნდა 1913 წელს, შვეიცარიის, საფრანგეთისა და ბელგიის მიერ და დღეს მილიონზე მეტ პროფესიონალ ინჟინერსა და 40 000-ზე მეტ ფირმას წარმოადგენს მსოფლიოს 100-ზე მეტ ქვეყანაში.

„FIDIC-ის წიგნები“ ცნობილია ყდის ფერების მიხედვით: წითელი წიგნი – დამკვეთის მიერ დაპროექტებული სამუშაოებისთვის, ყვითელი წიგნი – „დიზაინი + მშენებლობა“ ტიპის პროექტებისთვის, ვერცხლისფერი წიგნი – „Turnkey / EPC“ კონტრაქტებისთვის, ხოლო მწვანე წიგნი – შედარებით მცირე პროექტებისთვის. გარდა ამისა, არსებობს სპეციალიზებული გამოცემები, როგორიცაა ვარდისფერი, ლურჯი და ოქროსფერი წიგნები.

FIDIC-ის მიზანს წარმოადგენს, რომ ნებისმიერი ინფრასტრუქტურული პროექტი აშენდეს უფრო სწრაფად, გამართულად და ეფექტიანად, რაც საბოლოოდ ხელს უწყობს ეკონომიკის განვითარებას მსოფლიოს მასშტაბით.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები