მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ

ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების სამიტზე მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებს შეხვდება

კობახიძე

საქართველოს პრემიერ-მინისტრის ირაკლი კობახიძე აბუ-დაბის მდგრადი განვითარების სამიტზე ლიდერთა დიალოგში მიიღებს მონაწილეობას. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაცია ავრცელებს.

მთავრობის ადმინისტრაციის უფროსმა ლევან ჟორჟოლიანმა არაბთა გაერთიანებულ საამიროებში ქართველ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მთავრობის მეთაური შეხვედრებს გამართავს მსხვილი საინვესტიციო კომპანიების წარმომადგენლებთან.

„საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე, მთავრობის დელეგაციასთან ერთად, განაგრძობს ვიზიტს აბუ-დაბიში. მდგრადი განვითარების სამიტის ფარგლებში ის მონაწილეობას მიიღებს ლიდერთა დიალოგში. პრემიერ-მინისტრი ისაუბრებს ჩვენი სახელმწიფოსთვის ისეთ მნიშვნელოვან თემებზე, როგორიც არის შუა დერეფნისა და სატრანზიტო გზების განვითარება, ასევე საუბარი იქნება ანაკლიის პორტის მშენებლობასთან დაკავშირებით. ყურადღება დაეთმობა იმ ინვესტიციებს, რომელსაც სახელმწიფო სატრანზიტო ფუნქციის განვითარებისთვის ახორციელებს. პრემიერ-მინისტრს უკვე ჰქონდა და განაგრძობს შეხვედრებს უმსხვილეს ინვესტორებთან, რომლებიც მაღალტექნოლოგიურ კომპანიებს წარმოადგენენ“, - განაცხადა ლევან ჟორჟოლიანმა.

13-15 იანვარს, არაბთა გაერთიანებულ საამიროებში აბუ-დაბის მდგრადი განვითარების კვირეულის (ADSW) სამიტი იმართება, რომელსაც საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ესწრება.

მთავრობის ადმინისტრაციის ინფორმაციით, პრემიერ-მინისტრი აბუ-დაბიში დელეგაციასთან ერთად გაემგზავრა, რომლის შემადგენლობაში საგარეო საქმეთა მინისტრი მაკა ბოჭორიშვილი, ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრი მარიამ ქვრივიშვილი, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი დავით სონღულაშვილი, იუსტიციის მინისტრი პაატა სალია და მთავრობის ადმინისტრაციის უფროსი ლევან ჟორჟოლიანი არიან.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები