მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე ბუდაპეშტში, ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტის ფარგლებში ვიქტორ ორბანს შეხვდა

ირაკლი კობახიძე ვიქტორ ორბანი
07.11.24 14:13
3950

საქართველოს პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე ევროპის პოლიტიკური გაერთიანების სამიტში მონაწილეობს, რომელიც უნგრეთის დედაქალაქ ბუდაპეშტში იმართება. სამიტის მონაწილე 40-მდე სახელმწიფოს ლიდერებს უნგრეთის პრემიერ-მინისტრი ვიქტორ ორბანი მასპინძლობს.

სამიტის დაწყებამდე კობახიძემ განაცხადა, რომ მას საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების შესახებ ევროპელ ლიდერებს გაესაუბრება.

„განსაკუთრებით საინტერესოა, რომ ეს ღონისძიება ბუდაპეშტში, უნგრეთის მასპინძლობით ამერიკის საპრეზიდენტო არჩევნების შემდეგ მალევე ტარდება. მექნება გამოსვლა თემატურ პანელზე, ასევე დასკვნით პლენარულ სესიაზე, სადაც გაჟღერდება გზავნილები იმაზე, რაც უკავშირდება ჩვენს ქვეყანას და ჩვენი ქვეყნის გარშემო მიმდინარე მოვლენებს. ასევე გვექნება შესაძლებლობა, ევროპელ ლიდერებთან გავისაუბროთ ყველა იმ თემაზე, რაც არის საინტერესო საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობების კუთხით. მათ შორის, საუბარი გვექნება საქართველოს საგარეო პოლიტიკურ პრიორიტეტზე, რაც არის ევროკავშირში ინტეგრაცია. ვისაუბრებთ საქართველოში მიმდინარე პროცესებზე და საქართველო-ევროკავშირის ურთიერთობებზე“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

მნიშვნელოვანია გარემოება, რომ დღესვე საფრანგეთის პრეზიდენტმა, გერმანიის კანცლერმა და პოლონეთის პრემიერ-მინისტრმა გაავრცელეს ერთობლივი განცხადება საქართველოსთან დაკავშირებით და აღნიშნეს, რომ გაწევრიანების შესახებ მოლაპარაკებების გახსნა არ მოხდება იქამდე, სანამ ქვეყნის ხელისუფლება გეზს არ შეიცვლის.

"სანამ საქართველო არ გადახედავს და არ გაატარებს ხელშესახებ რეფორმებს, მათ შორის გააუქმოს ახლახან მიღებული კანონი [რუსული კანონი], რომელიც ეწინააღმდეგება ევროპულ ღირებულებებსა და პრინციპებს, ჩვენს მხარს არ დავუჭერთ საქართველოსთან მოლაპარაკების დაწყებას", - ნათქვამია ემანუელ მაკრონის, ოლაფ შოლცისა და დონალდ ტუსკის საერთო განცხადებაში.

ევროპის პოლიტიკური გაერთიანების მეხუთე სამიტზე განსახილველი ძირითადი თემაა ევროპის უსაფრთხოების გამოწვევები. სამიტის ფარგლებში გათვალისწინებულია თემატური დისკუსიები. პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე სიტყვით გამოვა პანელურ დისკუსიაზე, რომლის მთავარი თემაა ეკონომიკური უსაფრთხოება და დაკავშირებადობა, ასევე სამიტის დასკვნით პლენარულ სესიაზე.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები