მთავარი
კატეგორია
TV ლაივი მენიუ
Loading data...

ირაკლი კობახიძე გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოვიდა - სრული ტექსტი

სს
26.09.24 00:47
257

გაერთიანებული ერების ორგანიზაციის შექმნიდან თითქმის რვა ათეული წელი გავიდა და ჩვენ კვლავ ვიბრძვით მშვიდობის მისაღწევად, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ გაეროს უშიშროების საბჭოს შეხვედრაზე სიტყვით გამოსვლისას განაცხადა, რომლის მთავარი თემაა - “ლიდერები მშვიდობისთვის: გაერთიანებულნი გაეროს წესდებისადმი პატივისცემით, უსაფრთხო მომავლის ძიებაში”.

როგორც მთავრობის მეთაურის მეთაურის პრესსამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში წერია, კობახიძემ თქვა, რომ სამწუხაროდ, კონფლიქტებით სავსე სამყაროში წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი გამუდმებით იმყოფება გამოწვევების წინაშე, რაც მზარდ რისკებს უქმნის მშვიდობასა და სტაბილურობას.

„მახარებს აქ, თქვენთან ერთად ყოფნა და მადლობას ვუხდი სლოვენიის პრემიერ-მინისტრს ამ ძალიან დროული დებატების წამოწყებისთვის. 1946 წლის გაერო-ს პირველ სესიაზე დამფუძნებლები მსოფლიოს დაპირდნენ გაერთიანებას გლობალური მშვიდობისა და უსაფრთხოების შესანარჩუნებლად. როგორც საერთაშორისო თანამეგობრობის პასუხისმგებლიანი წევრი, საქართველო აქტიურად უწყობს ხელს გლობალურ მშვიდობას. 2-ათეულ წელზე მეტი ხნის განმავლობაში, ჩვენ მნიშვნელოვანი წვლილი შევიტანეთ ნატოსა და ევროკავშირის მისიებში, მთელი მსოფლიოს მასშტაბით, რითაც სულადობრივად, ერთ-ერთ ყველაზე დიდი წვლილის შემტან ქვეყნად იქცა საქართველო ნატოს მისიებში ერაყსა და ავღანეთში. 32-მა მამაცმა ქართველმა ჯარისკაცმა გაიღო საბოლოო მსხვერპლი ავღანეთში, ხოლო ასობით სხვა დაშავდა თავისუფლებისა და საერთაშორისო მშვიდობის უზრუნველყოფაში. ჩვენ ვიბრძვით მშვიდობის, კეთილდღეობის, პროგრესისა და მდგრადობის უზრუნველყოფისთვის, უკლებლივ ყველასთვის და ამ პირობებში დიდად სამწუხაროა უკრაინაში მიმდინარე ომის მომსწრენი რომ გავხდით. გვესმის, რა გამოწვევების წინაშე იმყოფება ამჟამად უკრაინა და სოლიდარობას ვუცხადებთ უკრაინელ ხალხს. ჩვენ ხელი შევუწყვეთ, შევუერთდით, მხარი დავუჭირეთ 600-ზე მეტ რეზოლუციას, განცხადებას, ერთობლივ კომუნიკეს და სხვა ინიციატივებს უკრაინის მხარდასაჭერად. ასევე, საქართველოს მთავრობა, ომის დაწყების დღიდან უზრუნველყოფს მშვიდობიან ჰუმანიტარულ დახმარებას, როგორც ომში მყოფი ქვეყნის შიგნით, ასევე მათთვის, ვინც ამჟამად საქართველოში ცხოვრობს. ვაღიარებთ რა მშვიდობის ფასს, ყველა ძალისხმევას ვიყენებთ იმისთვის, რომ ჩვენი რეგიონი, სამხრეთ კავკასია კონფლიქტის ზონიდან შესაძლებლობათა რეგიონად ვაქციოთ. მთელი გულით მივესალმებით და გვახარებს აზერბაიჯანსა და სომხეთს შორის არსებული კონფლიქტის მშვიდობიანი გზით მოგვარების პროცესი, რითაც შეიქმნა პლატფორმა რეგიონული თანამშრომლობისთვის, ნდობის, ერთიანობის გაძლიერებისა და საერთო მომავლის უზრუნველყოფისთვის. გაეროს შექმნიდან თითქმის რვა ათეული წელი გავიდა და ჩვენ კვლავ ვიბრძვით მშვიდობის მისაღწევად. სამწუხაროდ კონფლიქტებით სავსე სამყაროში წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგი გამუდმებით იმყოფება გამოწვევების წინაშე, რაც მზარდ რისკებს უქმნის მშვიდობას და სტაბილურობას.

მშვიდობა და უსაფრთხოება ადამიანის უფლებებთან და განვითარებასთან ერთად გაეროს საქმიანობის მთავარი ქვაკუთხედია. საერთაშორისო სამართლის და წესებზე დაფუძნებული საერთაშორისო წესრიგის პატივისცემა არის მშვიდობიანი, აყვავებული და სამართლიანი სამყაროს საფუძველი, ხოლო ეფექტური მიზნისთვის უფრო შესაფერისი გლობალური ინსტიტუტები, რომელთა ბირთვი გაეროა, გადამწყვეტ როლს თამაშობს გლობალურად სტაბილურობის, უსაფრთხოების, ადამიანის უფლებების პატივისცემისა და განვითარებისთვის.

დღევანდელი შეხვედრა უნდა გვთავაზობდეს უკეთესი მომავლის დაპირებას, რაც ასე საჭიროა ამჟამინდელ მშფოთვარე სამყაროში. ძვირფასო კოლეგებო, კიდევ ერთხელ ხაზი მინდა, გავუსვა მშვიდობის ფორმულის ინიციატივის მნიშვნელობას და მის მხარდაჭერას.

ბოლოს, ხაზგასმით აღვნიშნავ, რომ მხოლოდ გაეროს წესდების და საერთაშორისო სამართლის პრინციპების დაცვით შევძლებთ ჩვენი დაპირების შესრულებას, რომ შევინარჩუნოთ მშვიდობა, უსაფრთხოება და გავუხსნათ გზა ადამიანის უფლებების რეალიზებას და მდგრად განვითარებას. დღეს, ისე როგორც არასდროს, არსებობს კრიტიკული საჭიროება იმისა, რომ მოხდეს საერთაშორისო პრინციპებისადმი უფრო ძლიერი ერთგულების, ეფექტური მულტირატელარიზმისა და ანგარიშვალდებულების დემონსტრირება“, - განაცხადა ირაკლი კობახიძემ.

გამოწერეთ ჩვენი სიახლეები

მიიღეთ დღის მთავარი სიახლეები