ირაკლი კობახიძის მთავრობა ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნებას გეგმავს.
ამის შესახებ BMG-ისთვის საქართველოს მთავრობის კანონშემოქმედებითი საქმიანობის მოკლევადიანი გეგმიდან გახდა ცნობილი.
როგორც ირკვევა, ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნება "კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ კანონში ცვლილებებს საჭიროებს, რასაც პარლამენტი, სავარაუდოდ, მიმდინარე საგაზაფხულო სესიაზე დაამტკიცებს.
"საქართველოს მთავრობის მიერ დაგეგმილია საქართველოს ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნება, რომელიც საკუთარ სახელწოდებაში გამოიყენებს ტერმინს „ბანკი“ და რომელიც არ განახორციელებს კომერციული ბანკისთვის განსაზღვრულ ისეთ საბანკო საქმიანობას, რომელიც საჭიროებს ეროვნული ბანკის ლიცენზიას.
აღნიშნულის გათვალისწინებით, შესაბამისი ცვლილებები უნდა აისახოს „კომერციული ბანკების საქმიანობის შესახებ“ საქართველოს კანონში", - წერია მთავრობის განკარგულებაში, რომელიც 30 იანვრით თარიღდება.
მთავრობაში აცხადებენ, რომ კანონპროექტის მიღება ბიუჯეტიდან დამატებითი ხარჯების გამოყოფას არ ითვალისწინებს.
BMG ეცდება, გაარკვიოს, რატომ გადაწყვიტა "ქართული ოცნების" მთავრობამ ეკონომიკის განვითარების ბანკის დაფუძნება და ჩაანაცვლებს თუ არა ის საქართველოს განვითარების ფონდს [ყოფილი "საპარტნიორო ფონდის], რომლის ლიკვიდაციაც ასევე ხელისუფლების მოკლევადიან გეგმაში შედის.
ცნობისთვის: "საქართველოს განვითარების ბანკის” შექმნის ინიციატივა "ქართული ოცნების" მთავრობას 2014 წელსაც ჰქონდა - შესაბამისი კანონპროექტი 2014 წლის 4 აპრილის მთავრობის სხდომაზე საქართველოს მთავრობის საპარლამენტო მდივანმა შალვა თადუმაძემ გაიტანა, მაგრამ კანონპროექტი კანონად ვერ იქცა.




























